“სოლიდარობა ადიგენის ქართველ მუსლიმებს” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ადიგენში მცხოვრები ქართველი მუსლიმების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მონაწილეები სიმბოლურად შეიკრიბნენ პარასკევს – ლოცვის დღეს, რათა მხარდაჭერა გამოეცხადებინათ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ადიგენში ლოცვას ვერ ახერხებენ.
“სახელმწიფო არ იჩენს საკმარის ძალისხმევას, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. დღეს არის პარასკევი და სამწუხაროდ, დღეს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვერ ასრულებენ ლოცვას, რაც მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას”, – ამბობს უფლებადამცველი აქტივისტი, თოზუ გულმამედლი.
აქციას შეუერთდა “სოციალური სამართლიანობის ცენტრიც”. ორგანიზაციის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ რადგან სახელმწიფო ვერ და არ სწევს საკმარის ძალისხმევას, რათა ადიგენში შექმნილი დაძაბულობა განიმუხტოს, ადგილობრივ მუსლიმებს უწევთ, დათმონ ლოცვის უფლება მშვიდობის შესანარჩუნებლად.
“მუსლიმებს, რომლებიც მშვიდობიანად, დათმობით, საკუთარ უფლებებზე დროებით უარის თქმით ცდილობენ სოციალური მშვიდობის შენარჩუნებას ადგილზე, ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ისინი მარტო არ არიან. ქართული სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები მათ გვერდით არიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დემოკრატიული და სამართლიანი მექანიზმებით იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს უფრო სოლიდარული”, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
რამდენიმე კვირაა ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს არ ეძლევათ ლოცვის მშვიდობიან პირობებში ჩატარების უფლება. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მუნიციპალიტეტის ცენტრში, მოქალაქე მერაბ მიქელაძის კერძო საკუთრებაში მოწყობილ სალოცავთან მუსლიმ მრევლს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოქალაქეთა ნაწილი მიუვარდა.
„გამოდი, გამოეთრიე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი“ – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა.
ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, მსგავსი თავდასხმები პირველი არ ყოფილა და ისინი მოძალადეების დასჯას და მუსლიმებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სთხოვდნენ ხელისუფლებას.
10 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი მუსლიმები პარასკევის ლოცვებს აღარ ჩაატარებდნენ. მიზეზად, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები სახელდება. ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, რათა მომავალში დაძაბულობის გარეშე მოახერხონ ლოცვა.