სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მყოფ დემონსტრანტებს – თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, მთავარი არხის ეთერში წაიკითხეს განცხადება და თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს.
“შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ.
სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამართალდამცველების მიერ ქალების, ახალგაზრდების და მოხუცების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოვითხოვთ უსამართლოდ, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების ციხიდან განთავისუფლებას. ჩვენი შეკრება დაორგანიზებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ, სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე.
არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს!” – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარედ აქციის ძალადობრივად დაშლის, მომიტინგეების ცემისა და დაკავებების პარალელურად, იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვა დღეს, 14 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.