სოზარ სუბარი – ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ – კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, სამარცხვინოა

ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ. კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, ეს ხომ სამარცხვინოა,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „მართალია ის პროკურორი არ არის, მაგრამ არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში”.
„ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო ნაცმოძრაობასთან და რეჟიმის მთავარი „ჰალსტუხიანი რეკეტიორი” იყო, ახლა ცდილობს, მკვლელებს და მწამებლებს გაემიჯნოს, რაც გამორიცხულია. საზოგადოებამ კარგად იცის მისი წარსული. მეორე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს და პროკურატურის ფუნქციებში ვერ ერკვევა, ელემენტარული ისიც კი არ იცის, რა უფლებამოსილება აქვს ამ ინსტიტუციას. მეორე მხრივ, მისი სიტყვები, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი – დამაფიქრებელია. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ სათავეში დაბრუნდება, შექმნის ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც მისთვის მიუღებელ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაედგომება. ეს არაფერია, თუ არა ნაცმოძრაობის რეჟიმის ხელწერა, რაც ასევე მისი ხელწერაცაა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.