სოზარ სუბარი – ტრამპის გამარჯვებით შეწყდება გიჟური ზეწოლა საქართველოზე – ჩავებათ რუსეთ-უკრაინის ომში და გავუხსნათ რუსეთს „მეორე ფრონტი“

საქართველოს მთავრობას ტრამპთან, სულ ცოტა, ორ საკითხში აქვს ინტერესების თანხვედრა, თუმცა მისი პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება ზოგ საკითხში არ დაემთხვეს, ასეთ დროს ქვეყნის ეროვნული ინტერესები კი ყოველთვის უნდა იყოს დაცული , – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, „ტრამპის გამარჯვებით შეწყდება გიჟური ზეწოლა საქართველოზე – ჩავებათ რუსეთ-უკრაინის ომში და გავუხსნათ რუსეთს მეორე ფრონტი“.
„ტრამპი ამერიკელებს საქართველოსთვის არ აურჩევიათ, ამერიკისთვის აირჩიეს, რადგან მოსწონთ მისი პოლიტიკა. ეს პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება ბევრ რამეში არ დაემთხვეს, ჩვენ კი ყოველთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ. დიდ მოთამაშეებთან, ბუნებრივია, ამის გაკეთება ზოგჯერ ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები.
მთავარი საკითხი, სადაც ტრამპის პოლიტიკა ჩვენს ინტერესებს სრულად თანხვდება, ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა დროულად დამთავრდეს რუსეთ-უკრაინის ომი. შესაბამისად, დამთავრდება გიჟური ზეწოლა საქართველოზე, რომ ამ ომის ნაწილი გავხდეთ და აღარ გაგრძელდება პერმანენტული მცდელობა – გავუხსნათ მეორე ფრონტი რუსეთს. აქედან გამომდინარე, გაცილებით მშვიდად შევძლებთ, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, ვიფიქროთ ისეთ სტრატეგიულ მიზნებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, ხალხის კეთილდღეობის ზრდა და ა.შ. თუმცა, ამას წინ უნდა უძღოდეს ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარება, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რასთან დაკავშირებითაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად გიგანტური ნაბიჯებით მივიწევთ წინ.
მეორე საკითხი, რაშიც ჩვენი და ს პრიორიტეტები სრულად ემთხვევა ერთმანეთს, ისაა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დამთავრდება ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლის დღის წესრიგი, დამთავრდება ეპოქა, როცა გვაიძულებდნენ, უკან გაგვეწვია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოში. კიდევ გავიმეორებ, ტრამპის გამარჯვებით დასავლურ სამყაროში გაბატონებული ეს გიჟური დღის წესრიგიც დამთავრდება, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, სადაც ტრამპის პრიორიტეტები სრულად ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს და ეს ძალიან კარგია.
რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, რაზეც ოპოზიცია ბევრს ლაპარაკობს, თითქოს ამ საკითხში ჩვენი პოლიტიკა ფუნდამენტურად უპირისპირდება ტრამპის პოლიტიკას. ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია, ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია და მისი ამოცანა სწორედ ამერიკის ინტერესების დაცვაა და არა საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ -ს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან წელიწადში 800 მილიარდ დოლარს აღწევს, თითქმის იმავე მოცულობის ბრუნვა აქვს ჩინეთთან ევროკავშირს და ამ ფონზე, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან წელიწადში მილიარდნახევარ დოლარს არ აღემატება. ანუ, რასაც საქართველო ორ წელიწადში ვაჭრობს ჩინეთთან, ის არის ამერიკის ან ევროკავშირის ერთი დღის ვაჭრობის ტოლი. შესაბამისად, სურათი ასეთია, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩინეთთან ისეთი ეკონომიკური კავშირები, როგორსაც ვისურვებდით, რომ გვქონდეს, რადგან ჩინეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ჩვენი ქვეყნის უფრო სწრაფ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების მეტ კეთილდღეობას ნიშნავს. ასე რომ, ამ სფეროში უბრალოდ არ არსებობს ისეთი საკითხი, სადაც შესაძლებელია ჩვენზე ზეწოლა, რომ ეს ურთიერთობები შევამციროთ. პირიქით, ჩვენი მიზანია მეტი ეკონომიკური ურთიერთობა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა როგორც ჩინეთიდან, ისე ევროპიდან თუ აშშ-დან – სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების საწინდარი.
არც ამ საკითხშია რამე ისეთი, ვინმემ რომ ზეწოლა იქონიოს საქართველოზე. პირიქით, მეტი ინვესტიცია გვინდა – ჩინურიც, ევროპულიც, ამერიკულიც. ვინც მეტს შემოიტანს, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.