“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” მოუწოდებს საპატრიარქოს, მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია იოსებ სტალინთან დაკავშირებით, სტალინის გამოსახულების შემცველი ხატი სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანოს და შემომწირველებს დაუბრუნოს.
საუბარია შვიდ იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, ერთ-ერთ ხატზე, რომელიც წმინდა მატრონა მოსკოველს ასახავს, სტალინის გამოსახულებაც გვხვდება. ინფორმაცია დისკუსიის საგნად იქცა. თემას გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი, რომელმაც დაადასტურა, რომ ტაძარს ხატი სწორედ მან შესწირა. განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.
სოვლაბი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასაც, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, რაც მათ საბჭოური და ნაცისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო სივრცეში დემონსტრირების აღკვეთას ავალდებულებს.
“საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების (რომლის ინიციატორიც სწორედ იოსებ სტალინი იყო) 103 წლისთავამდე სულ მცირე ხნით ადრე ამ ხატის სამების ტაძარში არსებობა საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფაცაა”, – ნათქვამია სოვლაბის განცხადებაში.
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” საზოგადოებას ახსენებს ფაქტებს, რაც იოსებ სტალინის მმართველობას უკავშირდება:
“საქართველოში სიკვდილით დასაჯეს ასეულობით სასულიერო პირი, მათ შორის უმეტესწილად – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და ათასობით მრევლი, განსაკუთრებით 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებისას და შემდეგ 1937-1938 წლების სტალინური ტერორის დროს. მთელს სსრკ-ში სტალინის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯეს დაახლოებით 80,000 სასულიერო პირი და მილიონამდე მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ მათი რელიგიური რწმენისთვის”, წერს სოვლაბი.
ორგანიზაციაში განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევენ საშობაო ლიტურგიისას, სამებაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მხრიდან რეაქციის უქონლობას.
“კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ. თავისუფლების ქარტია) უნდა რეაგირებდნენ [საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები] საჯარო სივრცეში ტოტალიტარული სიმბოლოების გამოფენაზე და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორის და მასობრივი მკვლელობების ორგანიზატორის დადებით კონტექსტში წარმოჩენაზე”, – წერია სოვლაბის განცხადებაში.
როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ შობის სიხარული წაართვან ხალხს. სტალინის ხატზე გამოსახვა კი არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.
ამ თემაზე:
“სტალინის გამოსახულებით ხატი მზაკვრული ჩანაფიქრის ნაწილია” – ინტერვიუ მირიან გამრეკელაშვილთან