“სოდი ინვესთმენთი” განმარტავს, რომ “სინემა სითის” განვითარებასთან დაკავშირებით, კომპანია Stipfold-ის პროექტს არ გაუმარჯვია

კომპანია “სოდი ინვესტმენტი” საჯაროდ ეხმაურება მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე არქიტექტურული კომპანია “Stipfold”-ის მიერ შესრულებულ ცათამბჯენის პროექტს ეხება. კომპანია განმარტავს, რომ პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც ისინი მერიის სამსახურებს შესაბამისი წინასწარი ესკიზების შეთანხმებასთან დაკავშირებით ემუშავებიან არ არის არქიტექტურული კომპანია Stipfold-ის მიერ შესრულებული, შესაბამისად აღნიშნული პროექტის დეველოპერულ განვითარებას არ გეგმავენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საუკეთესო არქიტექტურული კონცეფციის გამოვლენის მიზნით, კომპანია “სოდი ინვესტმენტმა“, მენეჯმენტის კომპანია „LSG Solutions“-თან თანამშრომლობით, 2023 წელს საჯაროდ გამოაცხადა კონკურსი, ხოლო აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მიღებულ ნამუშევრებს აფასებდა ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური.
“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული პროექტის კონცეფციის დეტალური დამუშავება, რომელიც ჯერ არ არის წარდგენილი მერიის შესაბამის სამსახურში, ან რაიმე სხვა საჯარო სივრცეში.
სტატიაში მოყვანილ, არქიტექტურული კომპანია “Stipfold”-ს, აღნიშნული პროექტი არ წარმოუდგენია კონკურსში. ნაჩვენები პროექტი, კონკურსის ჟიურის, ან თავად კომპანიას არ აქვს ნანახი, არც განუხილავს და მით უმეტეს, არც დაუმტკიცებია რაიმე არქიტექტურული ან დეველოპერული ფორმით.
ასევე, ვაფიქსირებთ, რომ “სოდი ინვესტმენტი” და მისი დამფუძნებელი ფრანგული საინვესტიციო კომპანია “Guibor”-ი დიდ პატივს სცემს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და მათი შენარჩუნება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. სწორედ ასეთია კინოსტუდიის პავილიონის შენობაც, რომელიც ჩვენს მიერ შესყიდვამდე, ბოლო ათწლეულები არაექსპლუატირებულ მფგომარეობაში იყო და ის საფუძვლიან რეაბილიტაციას და ახალი ფუნქციით განვითარებას საჭიროებს.
კომპანია „სოდი ინვესტმენტი“, აღნიშნული პროექტის შესაბამის სამსახურში წარდგენისთანავე, გამოთქვამს მზაობას გავაგრძელოთ გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მედიასთან,”- ნათქვამია კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
თავად კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას, კომპანიაში აღნიშნავენ რომ მათი კონცეფცია სრულად ითვალისწინებს ყოფილი კინოსტუდიის ისტორიული ძეგლის სტატუსს და მას ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.
ჯერჯერობით აღნიშნული არქიტექტურული პროექტის შესახებ მიმართვა არ ფიქსირდება არც გრგ-ის შეთანხმებასთან და არც მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე.
თავად “სოდი ინვესტმენტი” 2017 წელს არის დაფუძნებული საინვესტიციო ფონდ Guibor-ის მიერ, კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს.