სობჩაკი: პუტინს „თითქმის შიშველი“ წვეულების მონაწილეების შესახებ მიხალკოვმა მოახსენა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნასტია ივლეევას „თითქმის შიშველი“ წვეულების მონაწილეების შესახებ რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა მოახსენა, ამბობს ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი. ინფორმაცია რუსული დამოუკიდებელი მედია „მედუზა“ ავრცელებს.
სობჩაკის თქმით, მიხალკოვმა არა მხოლოდ უამბო პრეზიდენტს ამ მოვლენის შესახებ, არამედ „აჩვენა სამწუხაროდ ცნობილი ვიდეოები და თან დააყოლა კომენტარები 666-ისა და სატანისტური წვეულების შესახებ“.
„პუტინი მას პატივს სცემს, უყვარს და მიხალკოვს, როცა ეს სჭირდება, საკმაოდ კარგად შეუძლია თავისი პოზიციის გადმოცემა, არგუმენტების მოტანა, საკუთარი აზრის თავსმოხვევა. სწორედ ამიტომ იყო ხელისუფლების მხრიდან ასეთი მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა სობჩაკმა.
პუტინმა წვეულების შესახებ ორჯერ გააკეთა ირიბი კომენტარი, ორივეჯერ უკრაინის ომის კონტექსტში. 16 იანვარს მან უთხრა რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ყურადღება მიაქციონ ვეტერანებს, რადგან ისინი არ დაიწყებენ „შარვლის გარეშე ხტუნაობას რომელიმე ღონისძიებაზე“. 26 იანვარს პუტინმა თქვა, რომ ქვეყნის ელიტა უნდა ჩამოყალიბდეს იმათგან, ვისაც უბრძოლია და „არა მათგან, ვინც გენიტალიებს ან უკანალს აჩენენ“.
20 დეკემბერს მოსკოვის კლუბ „მეტაბორში“ კერძო წვეულება გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა ჟურნალ Playboy-ის ფოტოების გამოფენის გახსნას. სტუმრებისთვის ჩაცმის კოდი იყო „თითქმის შიშველი“.
წვეულების ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში გავრცელდა და ში ომის ფონზე, აღაშფოთა პრო-სამთავრობო ბლოგერები და აქტივისტები.
საღამოს ორგანიზატორმა, ნასტია ივლეევამ და მრავალმა სტუმარმა, მათ შორის ქსენია სობჩაკმა, მომღერლებმა ფილიპ კირკოროვმა და დიმა ბილანმა გამოაქვეყნეს ვიდეო მიმართვები, სადაც ბოდიშს იხდიან წვეულებაში მონაწილეობისთვის.
ერთ-ერთი მონაწილე, რეპერი ვაციო (ნიკოლაი ვასილიევი), რომელსაც მხოლოდ ერთი წინდა ჰქონდა პენისზე აფარებული, ორჯერ დააკავეს ადმინისტრაციულად და გამოიძახეს სამხედრო აღრიცხვაზე. ივლეევას წინააღმდეგ საგადასახადო შემოწმება დაიწყო.
მონაწილეთა უმეტესობა სახელმწიფო ტელევიზიისთვის წინასწარ ჩაწერილი საახალწლო გადაცემებიდან ამოიჭრა.