ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლივერპული“ გასვლაზე პსჟ-ს დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს სტუმართა გუნდის მწვრთნელმა არნე სლოტმა უპასუხა:
„ძალიან მომწონს „ბენფიკა“, მაგრამ, ალბათ, მერჩივნა პორტუგალიურ გუნდს შევხვედროდით და არა პსჟ-ს. შესანიშნავ სტადიონზე მოგვიწევთ თამაში, ჩვენ სწორედ ასეთ ბრძოლაში გვსურს მონაწილეობის მიღება. მეტოქის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეგვაქო, სასიამოვნოა ასეთი კომპლიმენტის მოსმენა, თუმცა საუკეთესო გუნდმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. იქამდე შორს ვართ. „პარკ დე პრენსზე“ მძიმე ბრძოლა გველის. თუ „პარი სენ ჟერმენის“ ბარიერი გადავლახეთ, მიზნისკენ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ. ჩემი
აზრით, ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდი ისევ „რეალია“, სწორედ ისაა უძლიერესი, რადგან ტურნირზე გასულ წელს გაიმარჯვა. ვიდრე იტყვი, რომ საუკეთესო ხარ, „რეალის“ დამარცხებაა საჭირო.
წავიკითხე, ლუის ენრიკემ თქვა, რომ სამი ძალიან სწრაფი შემტევი გვყავს, თუმცა არც ბარკოლა, დემბელე და კვარაცხელიაა ნელი. ისევე როგორც პსჟ-ს, ჩვენც გვაქვს გეგმა. ბურთის ფლობის მხრივ პსჟ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესია. ვისაც ფეხბურთი უყვარს, შესანიშნავი მატჩი იქნება. ჩვენს გუნდებს შორის ბევრი მსგავსებაა. თუ მედიას მოუსმენ, ყველა კარგი ფეხბურთელის შეძენა გვინდა. ვერ გეტყვით, დაინტერესებული ვიყავით თუ არა „კვარათი“, მაგრამ ის ჩინებული მოთამაშეა, სპალეტის „ნაპოლიში“ იყო, რომლის ყურება ძალიან მომწონდა“.
ფრანგული გამოცემები ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, Rmcsport-ი კი წერს, რომ ლუის ენრიკემ შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოს და მოწინაააღმდეგისათვის სირთულეების შესაქმნელად მოედანზე ნამდვილი მოიერიშე არმადა გაიყვანოს – დეზირე დუე ნახევარდაცვაში დააბრუნოს, რათა თავდასხმაში ხვიჩასთვის ადგილი გაათავისუფლოს.
