სლოვაკეთმა განაახლა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ტურისტულ ვიზებზე განაცხადების მიღება, რომელიც 2022 წლიდან იყო შეჩერებული, DW ინფორმაციას სავიზო ცენტრ BLS International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სლოვაკეთი რუსეთში ახლა განაცხადებს იღებს ტურისტულ ვიზებზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის ვებსაიტზე. სლოვაკეთის სავიზო ცენტრები ტურისტულ ვიზებზე განაცხადებს იღებენ რუსეთის ორ ქალაქში – მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.
BLS International-ის საიტზე ასევე ნათქვამია, რომ არაა აღიარებული ე.წ. დნრ-სა და ლნრ-ში გაცემული პასპორტები, თუ მათი მფლობელები 2019 წლის 24 აპრილამდე რუსეთის მოქალაქეები არ იყვნენ. ამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ.
სლოვაკეთში ვიზიტისთვის რუსეთის მოქალაქეებს ხანმოკლე ვიზიტებისთვის შენგენის ვიზა, ხანგრძლივი ყოფნისთვის კი ეროვნული ვიზა ესაჭიროებათ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შენგენის ზონის დაახლოებით ათმა ქვეყანამ, მათ შორის ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა. შენგენის ზონის დანარჩენმა ქვეყნებმა საჭირო დოკუმენტების მოთხოვნები გაამკაცრეს.
ფორუმი
