სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 9 მაისს ჩავა მოსკოვში, ნაციზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად, ხოლო უკრაინის პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერების დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს. ამასთან, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვის სტუმრების უსაფრთხოება რუსეთის პასუხისმგებლობაა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სლოვაკეთის მედია ავრცელებდა ცნობებს რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების შესახებ. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლეოდა მის მიერ გაუქმებული ღონისძიებები და ფაქტი, რომ საჯაროდ არ ჩნდებოდა.
კვირას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას სლოვაკეთის პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არავის საქმე არ უნდა იყოს. მან აღნიშნა, რომ დღემდე ახსენებს თავს შარშანდელი თავდასხმის კვალი, მაგრამ ეს მას მუშაობაში არ უშლის ხელს.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ უკრაინა ვერ გასცემს უსაფრთხოების გარანტიებს 9 მაისს მოსკოვში ჩასული სტუმრებისთვის, რობერტ ფიცო აღიქვამს მუქარად, მაგრამ დასძენს, რომ ზელენსკი „ღრმად ცდება“, თუკი ჰგონია, რომ მისი მუქარა ვინმეს შეაჩერებს.
„ეს დიდი უპატივცემლობაა, როდესაც ფაშიზმზე გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყანას ვინმე ეუბნება: „მიდით, იზეიმეთ, ჩვენ შეიძლება იქ ჩამოგიგდოთ რაღაც დრონი თუ რაღაც მსგავსი““, – ფიცო მოუწოდებს ზელენსკის, რომ დაეთანხმოს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ 3-დღიან ზავს.
კრემლის შეთავაზებაა ცეცხლის სამი დღით შეწყვეტა [8-10 მაისი] „გამარჯვების 80 წლისთავთან“ დაკავშირებით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ შეთავაზებას აღლუმის შესაძლო ჩაშლით გამოწვეული შიში და “თეატრალური დადგმა” უწოდა. უკრაინის პრეზიდენტის შემხვედრი წინადადებაა ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით, შეერთებული შტატების მიერ ახლო წარსულში წამოყენებული წინადადების შესაბამისად.
„ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას“, – მიმართა 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის მსურველებს პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ამ დღეს გამორიცხული არ არის პროვოკაციები და, მისგან დამოუკიდებელ გარემოებებზე, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მართლაც ვერაფრით გასცემს.
სტუმრების უსაფრთხოებაზე რომ რუსეთია პასუხისმგებელი, 4 მაისს, ჟურნალისტებთან, რობერტ ფიცომაც აღნიშნა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში 2024 წლის დეკემბერში იმყოფებოდა. ის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მესამე პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინს ესტუმრა. მანამდე იყო ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი – 2022 წლის აპრილში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი – 2024 წლის ივლისში.
ფორუმი
