„სკრა ჰესისა“ და „ურბნისი ჰესის“ მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა – ვინ აშენებს ჰესებს

„სკრა ჰესისა“ და „ურბნისი ჰესის“ მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა – ვინ აშენებს ჰესებს
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „სკრა ჰესისა“ და „ურბნისი ჰესის“ მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
ორივე ჰესს შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ აშენებს. კომპანია აღნიშნული ჰესების მშენებლობას მდინარე მტკვარზე, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში გეგმავს.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით, „ურბნისი ჰესის“ პროექტი ითვალისწინებს 16.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესისა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობას. რაც შეეხება „სკრა ჰესს“, დაგეგმილია 110 კვ ძაბვის ქვესადგურისა და 14.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრძანების თანახმად, „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაცემულია განუსაზღვრელი ვადით“.
„სკრა ჰესის“ მშენებლობის ნაწილში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიას მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე გეოლოგიური პროცესების მონიტორინგი დაავალა.
„საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საშიში გეოლოგიური პროცესებით დაძაბულ უბნებზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს წყალსაცავის მარცხენა ნაპირის ფერდობზე, რომელიც წარმოადგენს აქტიური უბნების მქონე ძველმეწყრულ სხეულს. ასევე კაშხლისა და ქვესადგურის განთავსების უბანზე, რომელიც წარმოადგენს მდ. მტკვრის ჭალა-კალაპოტისა და უსახელო ხევის (ხევის ორივე ბორტებზე ფიქსირდება მეწყრული დეფორმაციების ნიშნები) შეერთების ადგილს“, – აღნიშნულია „სკრა ჰესის“ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში.
აღსანიშნავია, რომ „ურბნისი ჰესის“ ნაწილში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მიწის სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ უნდა განხორციელდეს.
ამასთანავე, ორივე ჰესის მშენებლობამდე კომპანიას დაევალა გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ტყის აღდგენის გეგმის წარდგენა, კერძოდ, საუბარია ჭალის ტყეებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიზნით, 10 ჰა ფართობის ტყის კორომების გაშენებაზე.
„კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე სააგენტოში შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოს: თევზსავალის მონიტორინგის გეგმა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დეტალურად იქნება აღწერილი თევზსავალის ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგია; სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე განახორციელოს მდინარე მტკვრის იქთიოლოგიური და მასში გავრცელებული მაკროუხერხემლოების მონიტორინგი, რადგან შესაძლებელი გახდეს ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ 5 წლის განმავლობაში მიღებული მონიტორინგის შედეგების შედარება ფონურ მონაცემებთან“, – აღნიშნულია გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში.
რაც შეეხება პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორის პოსტს ბოლო მონაცემებით გოჩა მუსელიანი იკავებს, წილების 100%-ს კი სრულად კოკა კოკოლაშვილი ფლობს.
აღსანიშნავია, რომ „სკრა ჰესი“ წარმოადგენს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ დაგეგმილი 208 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვრის ჰესების“ კასკადის შემადგენელ ნაწილს. მტკვარი ჰესების კასკადი მოიცავს ჯამში 13 კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობას. ეს ჰესები განთავსებული იქნება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანს შორის ტერიტორიაზე.
უფრო კონკრეტულად, მტკვარი ჰესების კასკადი ითვალისწინებს შემდეგი ჰესების მშენებლობას:
· კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები „ქსანი 1 ჰესი“ და „ქსანი 2 ჰესი“;
· კასპის მუნიციპალიტეტი, „გრაკალი ჰესი“;
· გორის მუნიციპალიტეტი, „სკრა ჰესი“;
· ქარელის მუნიციპალიტეტი, „ქარელი ჰესი“;
· ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე „ურბნისი ჰესი“;
· ხაშურის მუნიციპალიტეტში, „გომი 1“ და „გომი 2“ ჰესები;
· ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ქვიშხეთი 1“ და „ქვიშხეთი 2 ჰესები“;
· ქარელის მუნიციპალიტეტში, „ახალსოფელი ჰესი“;
· კასპის მუნიციპალიტეტში, „კასპი ჰესი“;
· ხაშურის მუნიციპალიტეტში, „ოსიაური ჰესი“.