აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება ნათლად მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მოხარული ვარ, გაცნობოთ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, რომლითაც იქმნება აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეერთებული შტატები ვალდებულია, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას“, – აღნიშნა სკოტ ბესენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ არცერთ სახელმწიფოს ან პირს, რომელმაც დააფინანსა ან ამარაგებდა რუსული სამხედრო მანქანა, არ მიეცემა უფლება, ისარგებლოს უკრაინის აღდგენით.
აშშ-ის აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 აპრილს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ის ხალხის მიერ უკრაინის დაცვისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის აღიარების ნიშნად, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს, ერთად იმუშაონ და ერთად ინვესტირება მოახდინონ, რათა უზრუნველყონ, რომ ჩვენი საერთო აქტივები, ნიჭი და შესაძლებლობები დააჩქარებს უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ფინანსთა სამინისტრო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) უკრაინის მთავრობასთან ერთად იმუშავებენ პროგრამის მართვის დასასრულებლად და ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის წინსვლისთვის“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
