გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებული კონკურსის „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონკურსი განხორციელდა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში და მისი მთავარი მიზანი მოსწავლეებში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობის გააზრება, ტყის სექტორთან დაკავშირებული გამოწვევების წარმოჩენა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
კონკურსში მონაწილეობდნენ IX–XII კლასის მოსწავლეები პროგრამის საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თიანეთი, თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ყვარელი. მონაწილეებმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად წარმოადგინეს კრეატიული პროექტების იდეები, რომლებიც შეეხებოდა ტყის მდგრად მართვას, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებს.
წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: კრეატიულობა და ინოვაციურობა, გარემოზე გავლენა, განხორციელების შესაძლებლობა და პრეზენტაციის ხარისხი. ასამდე წარმოდგენილი ნამუშევრიდან გამოვლინდა ათი საუკეთესო პროექტი.
კონკურსის გამარჯვებულებს 800-დან 1500 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. I ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – ზურაბ ჯაველიძემ, ანა თურქაძემ და საბა ჭეიშვილმა მოიპოვეს; II ადგილზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ჯინაშვილი, III ადგილზე კი, დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები – მარიამ ბოსტოღანაშვილი, მარიამ ალუღიშვილი, თამარი ჩუთლაშვილი და ლიზი ზედელაშვილი გავიდნენ. მეოთხედან მეათე ადგილების ჩათვლით მონაწილეებს 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში. მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს მათში პასუხისმგებლობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ბუნების დაცვისადმი ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი მონაწილეები მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ტყის მდგრად მართვისა და გარემოს დაცვის საქმეში“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევადარიანმა.
სინ (1) თამთა დევდარიანი გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი
სინქ (2) მარიამ ალუღიშვილი , ქ. დედოფლის წყაროს N 1-საჯაროს კოლის მოსწავლე
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს




