“სკოლას ჰყავს ე.წ. მაყურებელი” – “ქურდული მენტალიტეტის” გამო სკოლიდან წამოსული მასწავლებლის პირველი კომენტარი (ვიდეო)

“მირჩიეს შვებულება ამეღო, რომ როგორმე გადარჩეო და მე არ ვაპირებ არც გადარჩენას და არც ამ ყველაფრის შეგუებას” – ამის შესახებ ე.წ. ქურდული მენტალიტეტის გამო, გორის N10-ე საჯარო სკოლიდან წამოსული მასწავლებელი, ირმა ამბარდიშვილი აცხადებს.

პედაგოგის განცხადებით, “სკოლას ჰყავს თავისი ე.წ. მაყურებელი, რომელიც მართავს რეჟიმ-დაუმორჩილებელ მოსწავლეებს”. 

მისი თქმით, მოსწავლეები არაფერს სწავლობენ, “ქურდული მენტალიტეტით” საუბრობენ და უცენზურო სიტყვებს იყენებენ.

ირმა ამბარდიშვილი ყვება, რომ მასწავლებლებს ავალდებულებდნენ ასეთი მოსწავლეებისთვის მაღალი ნიშნები დაეწერათ, რადგან მედალოსანია, ან ვინმეს ნათესავი.

სკოლას ჰყავს თავისი ე.წ. მაყურებელი, რომელიც მართავს, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმ-დაუმორჩილებელ მოსწავლეებს. ჩემი ცხრილი ჰქონდათ შედგენილი და ყველა კლასში ავალებდნენ სუსტი ნებისყოფის ადამიანებს, ან სუსტ ბავშვებს, რომ აერიათ გაკვეთილი, ან ჩაეშალათ. 

მე-7 კლასელი ბავშვი, რომ ქურდულ ვარსკვლავებს იხატავს, ბავშვი რომ ასეთ უწმაწურ სიტყვებს ხმარობს, მასწავლებლები რომ ჩუმად არიან, გაკვეთილზე, რომ “ბურას”, “სეკასა” და “ქალაქობანას” თამაშობენ, ის სკოლა არ არის. კაციშვილი არ სწავლობს და ასე გაიძულებენ რომ დაუწერო 10 ქულები იმიტომ, რომ მედალოსანია, იმიტომ რომ ვიღაცის შვილია, მასწავლებლის შვილია, შვილიშვილია, ძმისშვილია, დისშვილია. განუკითხაობაა. 

ზოგი მასწავლებელი იმის გამო, რომ თავი დაეხსნა ამ მშობლებისგან, დისციპლინური დევნისგან შვებულებებს იღებდნენ. მეც ეგ მირჩიეს, იქნებ შვებულება აიღოო, რომ როგორმე გადარჩეო და მე არ ვაპირებ არც გადარჩენას და არც ამ ყველაფრის შეგუებას. 

სამჯერ შემომივარდა მშობელი კლასში, მე-7 კლასის მოსწავლეებთან. ძლივს დავიკავე კარები, წიხლი რომ დაარტყა მხარი ლამის ამომივარდა, მარცხენა ხელით მეჭირა კარები. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მასწავლებლების ასეთი დონის ბულინგი და შეურაცხყოფა. 

ქურდული მენტალიტეტით საუბრობს ყველა, მოწმე არის? აბა ვინ არის მოწმე და კიდევ ისეთ უცენზურო სიტყვებს ხმარობენ მოსწავლე გოგოები, რომ მერიდება ახლა ამ სიტყვებით ვილაპარაკო,” – ამბობს მასწავლებელი ირმა ამბარდიშვილი. 

გორის N10-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო წიკლაურმა “TV პირველის” კითხვებს არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მოსამართლეს – კრიტიკული პაციენტი ვარ, დიდი ახსნა-განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება