“სკოლას ფაქტობრივად ძირი აქვს გამოღებული, გამგეობა მოსახლეობას ინფორმაციას არ აწვდის” | მეწყრის საფრთხე სოფელ ქობულეთში

ქობულეთის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმდჯომარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოფელი ქობულეთის ნაწილი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. მისი განცხადებით, რისკის ქვეშაა სოფლის საჯარო სკოლა და ირგვლივ მოსახლეობა.
ის მერს, ლევან ზოიძეს მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“მეწყრის გამომწვევი უშუალოდ არის ის ვანდალიზმი, დაუდევრობა და ბოროტება რასაც სჩადის “ქართული ოცნება” ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად საუბარია ასიათასობით ტონა ინერტული მასალის მდინარე კინტრიშის ხეობიდან ამოღებასა და გატანასთან დაკავშირებით. რისკის ქვეშ დგას ადგილობრივი სოფლის საჯარო სკოლა და სოფლის გამგებელი, მერის წარმომადგენელი მივიდა სკოლის დირექტორთან და უთხრა, პანიკა არ დავთესოთ მოსახლეობაში, სკოლას აქვს ძირი გამოღებული ფაქტობრივად და მის ქვეშ ფაქტობრივად სიცარიელეა, ნებისმიერ დროს შეიძლება იქ დატრიალდეს საშინელება. ემზადებიან, რომ ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი მოამზადონ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება თუ დადგება”, – ამბობს ლაშა კომახიძე, ქობულეთის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.