ვლადიკავკაზში ძმების “მახარბეკ და ასლან ხადარცევების სახელობის“ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
- ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე სახელად – “დაღესტნის ჭიდაობა“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირში მონაწილეობა “20 ქვეყნის 166 თავისუფალი სტილით მოჭიდავემ“ მიიღო.
“მათ შორის იყვნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის წარმომადგენლები, ასევე მებრძოლები საქართველოდან“, -წერს ekhokavkaza.
- “საქართველოდან ტურნირის მონაწილეთა შორის იყვნენ რეზო მარსაგიშვილი, ნიკოლოზ ბეშიძე, საბა კობახიძე, დიმიტრი ჯიოევი, გეორგი ელბაქიძე, გიორგი გოგრიჭიანი, ალექსანდრე მელაძე, ლევან ბაზაძე.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს წარმოადგენდნენ გურამ ჩერტკოევი, სოსლან ჯაგაევი და აზამატ ზასეევი; ოკუპირებული აფხაზეთი – ინარ ქეთია, მარატ კოკოსკერია და ლეონ ძუკია.
ტურნირის ნახევარფინალი ზემოაღნიშნული სპორტსმენების მონაწილეობის გარეშე გაიმართა. ქართველი გიორგი ელბაქიძე მესამე ადგილისთვის მატჩში დაღესტნელ იმამ განიშოვთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის მატჩები სამხრეთ ოსელმა სპორტსმენებმაც გამართეს: მატჩი სოსლან ჯაგაევმა მოიგო, ხოლო გურამ ჩერტკოევი ტრავმის გამო დამარცხდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ტურნირში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. ფედერაციის წარმომადგენლის თქმით, ვლადიკავკაზში საქართველოს ნაკრების წევრები არ იმყოფებოდნენ.
“ოფიციალურად ჩვენგან არავინ გათავისუფლდა“, – განუცხადეს ფედერაციაში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
ფედერაცია აღნიშნულის განხილვას დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე გეგმავს. ამ შემთხვევაში განიხილება არა მხოლოდ სპორტსმენების საკითხი, არამედ, სავარაუდოდ, მწვრთნელებისაც, რომლებმაც სავარაუდოდ, ფედერაციის გვერდის ავლით გადაწყვიტეს ტურნირზე მოჭიდავეების გაგზავნა.