სკანდალი უკრაინის ნაკრებში – რებროვმა კაპიტან იარმოლენკოს არც კი დაურეკა, ახალი ტრავმები და უკრაინელთა მწვრთნელის დიდი თავსატეხი საქართველოსთან მატჩის წინ

სკანდალი უკრაინის ნაკრებში – რებროვმა კაპიტან იარმოლენკოს არც კი დაურეკა, ახალი ტრავმები და უკრაინელთა მწვრთნელის დიდი თავსატეხი საქართველოსთან მატჩის წინ
უკრაინის ნაკრებში საქართველოსთან მატჩის წინ ძალიან რთული ვითარებაა და ამას ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული არაერთი სტატია მოწმობს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა, ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენ და ასევე მოქმედ კაპიტან ანდრეი იარმოლენკოს არ უხმო, რაც ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო.
ირკვევა, რომ ეს ყოველივე რებროვმა ძალიან უხეშად გააკეთა და ამ სკანდალურ ამბავს ნაკრების ყოფილი პრეს-ატაშე ოლექსანდრ გლივინსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ჰყვება.
დამრიგებელმა ს “დინამოს” ამჟამინდელ ფორვარდს არც კი დაურეკა და სიტუაციაში არ გაარკვია. იარმოლენკომ მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო, რომ
სარეზერვო სიაშია და მას უკრაინის ნაკრებში არ უხმეს.
გლივინსკი ამბობს, რომ შესაძლოა, უკვე 34 წლის ფორვარდს ის სისწრაფეები და შედეგები აღარ აქვს, მაგრამ ეროვნულ გუნდს იარმოლენკო ჯერ კიდევ სჭირდება.
“ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც წინა მატჩებში ლიდერის როლი დააკისრეს, ნაკრები წინ ვერ წაიყვანეს. მათ უნარი და ქარიზმა აკლიათ.
დიახ, ანდრეი ახლა ფიზიკურ გამძლეობას მოკლებულია და მისი სიჩქარე ისეთი არ არის, როგორიც იყო, მაგრამ როდესაც “იარმოლა” მოედანზეა, ყოველთვის არის შანსი, რომ საგოლე მომენტი შექმნას.
ანდრეიმ გამოუძახებლობის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო – ეს, სულ მცირე, უსიამოვნოა! ისეთი მოთამაშე, როგორიც უკრაინის ნაკრების კაპიტანია, მინიმუმ მწვრთნელისგან ზარს მაინც იმსახურებდა.
ანდრეიმ ბევრი რამ გააკეთა ეროვნული ნაკრებისთვის, რათა სარეზერვო სიის შესახებ ინტერნეტიდან არ გაეგო. მჯერა, რომ იარმოლენკო მაინც გამოადგება ეროვნულ გუნდს. ანდრეი, მე შენთან ვარ!”, – წერს გლივინსკი.
უკრაინის ნაკრების პრობლემები ამით არ მთავრდება. გუშინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ტრავმა ნაკრების ორმა წევრმა “ჟირონას” ნახევარმცველმა ვიქტორ ციგანკოვმა და “შახტარის” ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ მიიღეს.
sport.ua წერს, რომ სტეპანენკოს თამაში საქართველოსთან და ჩეხეთთან დაპირისპირებებში თითქმის გამორიცხულია, რაც შეეხება ციგანკოვს, “ჟირონას” მწვრთნელის მიჩელის სიტყვებით, მას დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე საბოლოოდ დადგინდება, თუმცა მისი მომჯობინება ასე მოკლე დროში ნაკლებად სავარაუდოა. წინასწარი ვარაუდით, მას ბარძაყის ტრავმა აქვს.
ტრავმირებული მოთამაშეებიდან გამომდინარე, უკრაინულ პრესაში ვარაუდობენ, რომ რებროვმა შესაძლოა, სარეზერვო სიაში მყოფ იარმოლენკოს მაინც უხმოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს პოზნანში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს.