სკანდალი ლა ლიგაში – არბიტრი, რომელიც “ელ კლასიკოებს” სჯიდა და “რეალის” ფეხბურთელებს აძევებდა, “ბარსელონას” ფანი აღმოჩნდა

El Chringuito-ს ჟურნალისტმა კრისტობალ სორიამ სკანდალური განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ლა ლიგის ყოფილი არბიტრი ედუარტე იტურალდე გონსალესი, რომელსაც 3 ელ კლასიკო აქვს განსჯილი, “ბარსელონას” დიდი გულშემატკივარია.
“მახსოვს, 2009 წელს, როდესაც “ბარსელონამ” “რეალი” 6:2 დაამარცხა, იმავე დღეს, 2 მაისს, “სევილია” “ვილიარეალს” ეთამაშებოდა და იტურალდეც ამ მატჩს ემსახურებოდა.
მას კარგად ვიცნობდი. ის გასახდელში შემხვდა და ვუთხარი, რომ კატალონიელებმა მადრიდში 6 გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ეს გამარჯვება ერთად აღვნიშნეთ”, – იხსენებს სორია.
იტურალდე გონსალესი ლა ლიგის მატჩებს 1995 წლიდან
2012 წლის ჩათვლით ემსახურებოდა. მან “სამეფო გუნდის” 49 მატჩი განსაჯა, საიდანაც “ბლანკოსმა” 30 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 14-ში კი წააგო.
მანვე “ბლაუგრანას” შეხვედრის განსჯის უფლება 39-ჯერ მიიღო. კატალონიელთა ანგარიშზე 25 გამარჯვება 10 ფრე და 4 მარცხი მოდის.
უშუალოდ, გონსალესი ელ კლასიკოს მთავარი არბიტრი სამჯერ იყო და სამივე შემთხვევაში “ბარსელონამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა, ორ მათგანში კი “რეალის” ფეხბურთელი გააგდეს.
1) ბარსელონა – რეალი 3:0 (1999 წლის 14 თებერვალი, გააძევეს რობერტო კარლოსი)
2) რეალი – ბარსელონა 0:3 (2005 წლის 19 ნოემბერი)
3) ბარსელონა – რეალი 5:0 (2010 წლის 29 ნოემბერი, ჯამში 12 ყვითელი ბარათი, სერხიო რამოსი კი გააძევეს).