ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, – ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, ტაივანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს.
„ასევე, სახელმწიფოს მეთაურებმა უკრაინის კრიზისიც განიხილეს. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას და იმედოვნებს, რომ მხარეები მათ შორის არსებული უთანხმოებების შემცირებას გააგრძელებენ და მიაღწევენ სამართლიან და ხანგრძლივ სამშვიდობო შეთანხმებას, რათა კრიზისი ძირეულად მოაგვარონ“, – წერს გამოცემა.
ასევე, სი ძინპინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ „ტაივანის დაბრუნება ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“.
„სი ძინპინმა ტაივანის საკითხზე ჩინეთის პრინციპულ პოზიციას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნება ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩინეთი და აშშ ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ ერთმანეთის გვერდით იბრძოდნენ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დასაცავად ახლა ერთად უნდა იმუშაონ“, – წერს ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.




