ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მოსკოვში ვიზიტისას 8 მაისს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს, პუტინს უწოდა მოკავშირე ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში და დაადასტურა საერთო პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს სი ძინპინის სიტყვების მიხედვით.
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტი უკრაინაში შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ „მისი საწყისი მიზეზების დადგენის გზით“, რა ნარატივსაც ხშირად იმეორებს რუსეთის ხელისუფლება.
სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი უნდა იყვნენ „ნამდვილი ფოლადის მეგობრები, ნაწრთობი ასობით განსაცდელით“.
ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს შეჰპირდნენ გაძლიერებულ კოორდინაციას ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროში და რომ „მტკიცედ აღუდგებიან წინ ვაშინგტონის ორმაგი შეკავების კურსს“ ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებით.
ორი ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ პირადად მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო მოცულობების ზრდაში 2030 წლამდე.
სი ძინპინი რუსეთში ოთხშაბათს ჩავიდა ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით. ის დაესწრება პუტინის მიერ დაგეგმილ გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი და სისხლიანი ომის ფონზე ჩატარდება.
ფორუმი
