სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას. ამის შესახებ ის განცხადებას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ომბუდსმენის თქმით, მომხდარი ფაქტით დასტურდება, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს.
“მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს”, – წერს ლევან იოსელიანი.
18 სექტემბერს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პოლიციას დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავს. “პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი”, – თქვა მან.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა