“სიძვირის მიუხედავად, ქართველი მომხმარებელი უპირატესობას ადგილობრივ თევზს ანიჭებს” – თევზის მომშენებელთა ასოციაცია

თევზის მომშენებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში აკვაკულტურის მეურნეობებმა 4 252 ტონა თევზი აწარმოვეს – როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ჩობანიანმა BM.GE-ს განუცხადა, ასოციაციის შედეგები საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ 2 452.5 ტონა თევზი აწარმოვა.
“ჩვენ ფერმებში აღწერა ჩავატარეთ, FAO-ს პროექტის ფარგლებში და სხვა მონაცემები გვაქვს, ჩვენი კითხვარის საფუძველზე, წარმოებული პროდუქცია 4 252 ტონაა, საიდანაც კალმახია 2 736 ტონა, ზუთხი – 584, ობრი – 927, კალმახის ხიზილალა – 100 ტონა, ზუთხის ხიზილალა – 8.8 ტონა. გასულ წელთან შედარებით კი ზრდა ფიქსირდება. ზოგადად, გასულ წელს დამრგვალებით 3000 ტონა მივიღეთ, წელს კი – 4 252”, – ამბობს ნინო ჩობანიანი.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, თევზის წარმოების ზრდა მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, გაზრდილი მიგრაცია და მოსახლეობის ცხოვრების წესის ცვლილება განაპირობებს: “იმ კულტურებში, რომლებიც საქართველოში მიგრირდნენ, თევზს გაცილებით მაღალი მოხმარება აქვს და ზრდა ამანაც განაპირობა. ამასთან, ახალგაზრდა თაობა უფრო აღმოჩნდა თევზის მომხმარებელი, ვიდრე – წინა”.
ნინო ჩობანიანი მოელის, რომ აკვაკულტურის განვითარების 2024-28 წლების სტრატეგიის განხორციელებასთან ერთად, თევზის წარმოება კიდევ უფრო გაიზრდება.
რაც შეეხება მოხმარებას, როგორც თევზის მომშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ქართველი მომხმარებელი უპირატესობას ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ანიჭებს, იმპორტულის ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ცოცხალი თევზი უფრო ძვირია, ვიდრე – იმპორტული გაყინული.
“ქართველი მომხმარებლები უფრო ადგილობრივ პროდუქტზე არიან ორიენტირებული. მოგეხსენებათ, ადგილობრივი წარმოება უმეტესწილად ცოცხლად იყიდება და ჩვენი მომხმარებელიც ამიტომ ანიჭებს ადგილობრივ პროდუქტს უპირატესობას. თუმცა ის გაცილებით ძვირია, ვიდრე იმპორტული და გაყინული პროდუქტი.
ამ სიძვირეს თვითღირებულება განაპირობებს, თვითღირებულება კი საკვების ფასის გამოა მაღალი. მაგალითად, კალმახის საკვებზე თვითღირებულების 70% მოდის, ამიტომ სრულად იმპორტირდება ეს პროდუქტი. კობრის შემთხვევაში მოხდა ჩანაცვლება და უკვე არიან ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი საკვების წარმოებას”, – აღნიშნავს ნინო ჩობანიანი.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ $30.5 მილიონის ღირებულების 12 962 ტონა გაყინული თევზი შეისყიდა. $7.7 მილიონის ღირებულების 995.3 ტონა შეადგინა ახალი ან გაცივებული თევზის იმპორტმა. ცოცხალი თევზის მოცულობა კი 21.9 ტონაა და ის საქართველოს $205 ათასი დაუჯდა.