ყოფილი თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც 10 დღის წინ დააკავეს, ბრალი კიდევ ერთი მუხლით წარუდგინეს.
ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ოქრუაშვილს ბრალი რამდენიმე დღის წინ, რუსთავის ციხეში გაცნეს. ადვოკატის ინფორმაციით, საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას. თუმცა, ამბობს, რომ მეტი დეტალი მისთვის ცნობილი არ არის.
“ნეტგაზეთი” ახალი სისხლის სამართლის საქმის შინაარსის დაზუსტებას პროკურატურაში შეეცადა. უწყებაში გვითხრეს, რომ ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინეს 151 მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით, ან პატიმრობით ერთ წლამდე.
ამჟამად ოქრუაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ოქრიაშვილს ედავებიან “ქართულ ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, ნაციონალური მოძრაობისა და მისი მაღალჩინოსნების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას.
ამავე საქმეზე დღეს დააკავეს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე. მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს – ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ამავე საქმეზე, განაჩენს რუსთაველის ციხეში ელიან ნიკა მელია და ნიკა გვარამია.
