სიჩქარის მზომ კამერებს ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს – ესტონური გამოცდილება

ესტონეთი სიჩქარის მზომ სტაციონარულ კამერებზე ეტაპობრივად უარს ამბობს და ისეთ საპატრულო მანქანებზე გადადის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ სიჩქარის გაზომვის სისტემით, საშუალო სიჩქარის მზომი კამერებითა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ავტომატური კონტროლის მექანიზმებით იქნებიან აღჭურვილნი.
ახალ ტექნოლოგიას ასევე შეუძლია დააფიქსიროს სხვა ისეთი დარღვევებიც, როგორიცაა, მაგალითად, უსაფრთხოების ღვედის გარეშე მგზავრობა ან ტელეფონის გამოყენება ავტომობილის მართვის დროს.
თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის დანერგვა პოლიტიკურ ნებას, ფინანსურ ინვესტიციებს და საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს.
პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის (PPA) თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი სირლე ლოიგო აცხადებს, რომ გასულ წელს, ყველა ტიპის სიჩქარის მზომი კამერების მიერ ესტონეთში საგზაო მოძრაობის 321 000 დარღვევა დაფიქსირდა.
ამ დარღვევების უმეტესი ნაწილი არა სტაციონარული, არამედ ახალი მობილური ვიდეოკამერებით გამოვლინდა.
„200 ათასზე მეტი დარღვევა რვა მობილურმა კამერამ დააფიქსირა“, – ამბონს ლოიგო.
თუმცა, იმის ნაცვლად, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი მობილური კამერები შეიძინოს, PPA საგზაო კონტროლის ახალ ინსტრუმენტზე – თვითგანზომვად საპატრულო მანქანებზეა ორიენტირებული.
„პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სიახლის დანერგვის სავარაუდო ვადად 2027 წელს მიიჩნევს – საგზაო შეტყობინებების ახალი საინფორმაციო სისტემა ამ დროისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ლოიგომ.
ახალ საპატრულო მანქანებს, სიჩქარის გადაჭარბების გარდა, მრავალი სხვა სამართალდარღვევის გამოვლენაც შეეძლებათ.
„მათ შორის, უსაფრთხოების ღვედები, შუქნიშნები, სახიფათო მანევრები და სხვა გაუმართლებელი აქტივობები“, – ჩამოთვალა ლოიგომ.
„მასში შედის ყველა ტიპის დარღვევა, რომელთა დაფიქსირებაც მანქანურად წაკითხვად ფორმატში არის შესაძლებელი“, – განაგრძობს ის.
სისტემა ასევე ავტომატურად აღმოაჩენს მძღოლებს, რომლებიც მანქანის მართვის დროს ტელეფონებს იყენებენ.
„გამოსახულების ფორმატში არსებული ეს მტკიცებულება იგზავნება მონაცემთა ბაზაში, სადაც ავტომატურად გენერირდება ჯარიმის შეტყობინება. ამის შემდეგ PPA-ს მხოლოდ იმ დარღვევებზე რეაგირება ევალება, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებენ“, – განმარტა ლოიგომ.
თუმცა, აქამდე მისვლამდე, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
„ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ კანონში შესატანი ეს ცვლილებები იმ დროისთვის უკვე ძალაში იყოს შესული“, – აცხადებს ს პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
ესტონეის სატრანსპორტო საბჭოს (Transpordiamet) ხელმძღვანელი, პრიიტ საუკი განმარტავს, თუ რატომ დადგა ესტონეთში სტაციონარული სიჩქარის მზომი კამერების გაუქმების დრო.
„ყველამ კარგად იცის, სად არის ჩვენი სტაციონარული კამერები განთავსებული. ასე რომ, ეს არ არის ზედამხედველობის ეფექტური მეთოდი. საგზაო პოლიცია პირობას დებს, რომ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებს შეიმუშავებს“, – აღნიშნა მან.
2018 წელს, ესტონეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 50 სტაციონარული სიჩქარის მზომი კამერა იყო განთავსებული.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის მათი რაოდენობა 34-მდე ჩამოვიდა, ახლების შეძენა აღარ მოხდება.
ტრანსპორტის საბჭო არსებული სისტემის შენარჩუნებას მხოლოდ იმ დრომდე აპირებს, ვიდრე ეს მოწყობილობები სერტიფიცირებული და გამართულია.
„ეს შეიძლება ნიშნავდეს 3, შესაძლოა, 5 ან 7 წელს“, – აცხადებს საუკი.
კიდევ ერთი სიახლის – საშუალო სიჩქარის მზომი კამერების – დანერგვა პოლიტიკური მიზეზების გამოა გაჩერებული.
შედარებისთვის: ლიეტუვაში უკვე ამ ტიპის 120 კამერა ფუნქციონირებს, წელს კი დამატებით 40-ის დამონტაჟება იგეგმება.
ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადამდგარ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვლადიმირ სვეტს დაგეგმილი ჰქონდა საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საჯარიმო ქულების სისტემის საკითხი მინისტრთა კაბინეტისთვის წარედგენა, თუმცა, კოალიცია მანამდე დაიშალა, სანამ სვეტი ამ ნაბიჯს გადადგამდა.
ტრანსპორტის საბჭოს დაკვეთით ჩატარებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება იმუშაონ საშუალო სიჩქარის მზომმა კამერებმა, ავტომობილების ფოტოგადაღების, სანომრე ნიშნების დადასტურებისა და გზის მონაკვეთებზე სიჩქარის გამოთვლის გზით.
მეზობელი ლიეტუვას მონაცემების მიხედვით, იქ, სადაც საშუალო სიჩქარის მზომი კამერები დამონტაჟდა, მძიმე ავარიების რიცხვი 50 პროცენტზე მეტით შემცირდა.
თუმცა, ესტონელი იურისტები ამტკიცებენ, რომ ესტონეთის კანონმდებლობა შესაძლოა არ წინააღმდეგობაში მოვიდეს მათ გამოყენებასთან. ამიტომ, ეს საკითხი დამატებით პოლიტიკურ დებატებს საჭიროებს.
„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ნება, რომ შევარჩიოთ უწყება, რომელიც ამ საკითხს წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა საუკმა.
ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს მძღოლების, ავტომობილებისა და მგზავრების ფოტოგადაღებისას მონაცემთა დაცვა, ამ მონაცემების დამუშავება და შენახვა წარმოადგენს.
ასევე პასუხგაუცემელი რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ განახორციელებს ავტომატიზებული საგზაო მოძრაობის საბოლოო ზედამხედველობას?
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში უნდა შედიოდეს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს საქმე ტრანსპორტის საბჭოს უნდა დაევალოს.
საუკი ამბობს, რომ ტრანსპორტის საბჭომ ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს, ხოლო PPA-მ – კანონი აღასრულოს.
ლოიგოც ადასტურებს, რომ საშუალო სიჩქარის მზომი კამერების გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე PPA მათში ფულის გადახდას არ გეგმავს.
„სტაციონარული კამერები გზის მფლობელმა (ანუ, უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივმა მთავრობამ – რედ.) უნდა დაამონტაჟოს“, – მიიჩნევს ლოიგო.
წყარო: 1tv.ge