სიღნაღში, სადაც თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება – არსებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, სადაც თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – პროცესში 3 ქვეყანა ერთობლივად არის ჩართული.
არსებული ინფორმაციით, გაიზარდა სამაშველო ჯგუფების რაოდენობა.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციის თანახმადვე, ივრის ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ამ დრომდე გაშლილია თვითმფრინავის ნაწილები, რომელსაც პოლიცია, სავარაუდოდ, საგამოძიებო ნაწილში შეიტანს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის მინისტრები.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო გიორგი არჯევანიძე / ფრანსპრესი