2023 წელს დაფუძნებული ფესტივალი მეორედ, ამჯერად – სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტატუსით ტარდება და მონაწილეობას როგორც ქართული, ასევე უცხოური თეატრები მიიღებენ. 13 მონაწილეს შორის იქნებიან თურქეთის, პოლონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების თეატრალური კოლექტივები და ორი დასი ესპანეთიდან.
ფესტივალი 4 ივნისს გაიხსნა „მოხეტიალე მთვარის თეატრის“ სპექტაკლით „ფიროსმანი“, რომელიც რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა დადგა.
„ფიროსმანი“ თოჯინების თეატრის პრინციპით შექმნილი სპექტაკლია, რომელიც გვიამბობს გენიალური ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო კოტაშვილი, ლუკა ჭულუხიძე, ნიკალაი ამოევი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ნანიშა მეტრეველი, ალექსანდრე კვეზერელი, გიორგი თოთაძე, ლევან ბაიდური და ლელა ხაჩატუროვი.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ივნისში, ერთი კვირის განმავლობაში ტარდება. მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების წარმოდგენები, სამოყვარულო დასებისა და სახელმწიფო თეატრების ერთობლივი სპექტაკლები და 2024 წლიდან – უცხოური დასების წარმოდგენებიც. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი. თეატრის კრიტიკოსების, რეჟისორებისა და თეატრმცოდნეებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელთაგან ორი უცხოელია, ქართულ და უცხოურ დასებს შორის I, II და III ადგილის გამარჯვებულები უნდა გამოავლინოს. საგულისხმოა, რომ წლევანდელი საპრიზო ფონდი გაზრდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თეატრების სადადგმო თუ საგასტროლო ხარჯისა და ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.
გარდა საკონკურსოდ შერჩეული სპექტაკლებისა, ფესტივალი საგანმანათლებლო პროგრამასაც მოიცავს: ერთი კვირის მანძილზე დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომელთაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები გაუძღვებიან.
ფესტივალი 11 ივნისამდე გაგრძელდება. მისი მიზანია მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია სამოყვარულო დასებისა, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი; ასევე – საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისება, სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ქალაქში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით 2023 წელს დაფუძნდა.