„ჯართი არის ნაგვის ფასი… 48 თეთრი ღირს და გადაიანგარიშეთ – 10 კილო 4-5 ლარის გამოდის… 5 ლარად რა უნდა იყიდო? არაფერი. ოჯახებიდან შემოაქვთ თუ რამე შემოდის… 5-10 კილო… გაჭირვებულები არიან… მილიონერებსა და პარლამენტარებს ვის რად უნდა ჯართი?” – ასე გვიპასუხა ჯართის მიმღები პუნქტის თანამშრომელმა კითხვაზე, ყველაზე ხშირად ვინ მოდის ჯართის ჩასაბარებლად.
თბილისის გარეუბანში ჯართის მიმღებ პუნქტებში ერთ კილოგრამ ჯართს 48 თეთრად იბარებენ. თანამშრომლები კამერის მიღმა უმეტესად იმას ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დაბალი ფასის გამო ჩაბარების მსურველთა რაოდენობა შემცირდა.
სამგორის რაიონში ჯართის მიმღები პუნქტების უმეტესობაში ინტერვიუზე უარი გვითხრეს და მხოლოდ კადრების გადაღების უფლება დაგვრთეს… რას აღარ ნახავთ აქ: გაფუჭებულ საოჯახო ტექნიკას, მილებს, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქილებსა და მანქანის ნაწილებსაც კი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021-24 წლებში ყველაზე მეტი ალუმინის, შავი ლითონების ნარჩენებისა და ჯართის ექსპორტი თურქეთში, აზერბაიჯანში, ინდოეთში, ნიდერლანდებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოხდა. ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტზე გასული ჯართის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
10 ლარი შედარებით მაღალი ფასია, რაც ერთი ტომარა შავი ლითონის ნარჩენებში ჯართის მიმღებ პუნქტში შეიძლება გადაგიხადონ. ამიტომ მსგავს პუნქტებს ყველაზე ხშირად სწორედ სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები აკითხავენ. ყველაზე შეჭირვებულები კი ჯართს ნაგვის ურნებსა და მიტოვებულ ადგილებში ეძებენ. ჯართის შემგროვებლებს შორის ხშირად გვხვდებიან ბავშვებიც.
„ისეთი არაფორმალური შრომის პრაქტიკა, როგორიცაა ჯართის შეგროვება თუ სხვა, არის შედეგი გაჭიანურებული სიღარიბისა და ეკონომიკური უთანასწორობისა. საქართველოში თითქმის მესამედი ადამიანებისა სწორედ არაფორმალურ შრომაშია ჩართული, რაც უფრო მძიმე შრომითი პრაქტიკაა, იმის გამო რომ ნაკლებად არის დაცული, მათ შორის სამართლებრივად და ხშირად ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ერთვებიან მსგავს პრაქტიკაში. ჯართის შეგროვების პრაქტიკაში ძალიან ხშირად არიან ჩართულები ბავშვებიც, ეს თვითგადარჩენის პრაქტიკაა, ამიტომ, როგორც ფიზიკური უსაფრთხოების, ასევე უფლებების თვალსაზრისით ეს სახელმწიფოსთვის უხილავია და აქ უფლებების დარღვევის გაცილებით მაღალი რისკებია, ვიდრე სხვაგან”, – ამბობს თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მიქელაძე სიღარიბის იმ მასშტაბზე საუბრობს, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სხვადასხვა სარისკო საქმიანობისკენ უბიძგებს.
„საქართველოში საგანგაშოა ბავშვთა სიღარიბის კუთხით მდგომარეობა, 43%-ზე მეტი ბავშვი არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, აქედან დაახლოებით 32 პროცენტი საარსებო შემწეობას იღებს, რაც სიღარიბის ძალიან დიდი მაჩვენებელია. გრძელვადიანად ძალიან რთული ხდება სიღარიბიდან ამოსვლა, ოჯახების დიდი ნაწილი ხანგრძლივად რჩება სიღარიბეში, რაც საბოლოოდ ამ ბავშვების განვითარებაზე, განათლებაზეც ახდენს გავლენას. სიღარიბესა და განათლებას შორის არსებობს პირდაპირი კორელაცია საქართველოში. ასევე ვიცით, კვების ფაქტორს რამდენად დიდი გავლენა აქვს მოსწრებასა და განათლების ხარისხზე”, – ამბობს თამთა მიქელაძე.
სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების არაფორმალური შრომის პრობლემა აღწერილია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც, რომელშიც ბავშვების მიერ სიღარიბისგან თავის დაღწევად შესრულებულ მძიმე და სარისკო სამუშაოებს შორის ჯართის შეგროვებაც სახელდება.
„წამყვანი ფაქტორი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ხშირად შრომით საქმიანობაში არიან ჩართულნი, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონეა. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები საყოფაცხოვრებო ნივთების, საკვების, ტანსაცმლისა და სათანადო საგანმანათლებლო ინვენტარის შესაძენად, რიგ შემთხვევებში, მათი ასაკისა და განვითარების შეუსაბამო შრომით საქმიანობაში არიან ჩართულნი. სიღარიბის გამო ბავშვთა შრომის შემთხვევებზე საუბრობენ კვლევაში მონაწილე არასრულწლოვანებიც.
„ჩემი სკოლელები, როდესაც ძალიან ბევრი ბავშვი არის და ძალიან დიდი გაჭირვება, სამუშაო არ არის სოფელში, რომ იმუშაონ, დამინახავს ზამთარში, არც ქურთუკი რომ არ აცვიათ და ძალიან სცივათ, ჯართს აგროვებენ და რაღაც პატარა ნაჭრებს რომ აგროვებენ, მიდიან და პურს ყიდულობენ მშობლებისთვის, ოჯახში რომ შეაქვთ ის თანხა და ის ფული, მქონია ასეთი შემთხვევა და ძალიან ხშირად ყოფილან ეს ბავშვები ბულინგის მსხვერპლნი სკოლაში, დასცინოდნენ იმიტომ, რომ არ აცვიათ კარგად”, – ეს არის ამონარიდი კახეთის რეგიონში მცხოვრები მოზარდის ინტერვიუდან. ამ კვლევის ფარგლებში არასრულწლოვანები საქართველოს 4 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში გამოჰკითხეს. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 37,8 პროცენტი სოციალური და მატერიალური დანაკლისის პირობებში ცხოვრობს. სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია სოფლად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში.
ის რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ჯართს ხშირად ბავშვებიც აგროვებენ, კარგად იციან სოციალურმა მუშაკებმა.
„სოციალური მუშაკი შეიძლება ამ მიზეზით არ მოხვდეს ოჯახში, არ შემოვიდეს მომართვა, რომ ბავშვი მსგავს საქმიანობაში არის ჩართული, მაგრამ სხვა საკითხზე მისულმა ეს პრაქტიკა აღმოაჩინოს, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია. მე თვითონაც მიმუშავია ბავშვებთან, რომლებმაც განათლება მიატოვეს მე-9 კლასის ან მე-5, მე-6 კლასის შემდეგ, ან ირიცხებოდნენ სკოლაში მაგრამ, ფაქტობრივად, არასდროს ესწრებოდნენ და სხვადასხვა საქმიანობაში იყვნენ ჩართულები – მაგალითად, ითხოვდნენ მოწყალებას, აგროვებდნენ სხვადასხვა ლითონს იმისთვის, რომ შემდეგ ჩაებარებინათ და მიეღოთ შემოსავალი, რომლითაც ოჯახს დაეხმარებოდნენ, ან თავისთვის იყიდდნენ რაიმეს. ყოველდღიურ პრაქტიკაშიც კი შეიძლება შევხვდეთ ასეთ შემთხვევებს, როდესაც არასრულწლოვანები ისეთ საქმიანობაში არიან ჩართულნი, რომელიც მათ განვითარებას უქმნის საფრთხეს, ხელს უშლის საბაზო განათლების მიღებაში და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, მათ სიცოცხლესაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს”, – ამბობს „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენელი” ქეთევან ხუციშვილი.
სოციალური მუშაკი იმ რისკებზე საუბრობს, რომლებიც არასრულწლოვანების სახიფათო შრომას უკავშირდება.
„ძალიან გავრცელებულია, სამწუხაროდ, როდესაც ბავშვები შეიძლება შუქნიშანზე, შუა გზაზე იდგნენ და ყიდდნენ კალმებს, ან ერთჯერად ხელსახოცებს – ეს ყველას უნახავს, ვისაც გაუვლია დიდ ქალაქებში: თბილისში ბათუმში ქუთაისში… რაც შეეხება კონკრეტულად ჯართის შეგროვებას, ძალიან სამწუხარო მოვლენები, რაც ბოლო პერიოდში ვნახეთ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პრაქტიკა, რომელიც ბავშვის სხვა უფლებებთან ერთად ყველაზე ღირებულს ეხება – ეს არის სიცოცხლის უფლება და რითაც, შეიძლება, ამ უფლების ხელყოფაც კი მოხდეს. სამწუხაროდ, თბილისშიც ყოფილა ასეთი შემთხვევა”, – ამბობს ხუციშვილი.
2019 წელს თბილისის გარეუბანში 13 წლის მოზარდი ჯართის შეგროვებისას სამშენებლო თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 18 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
წყარო: euronews georgia
