საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას. ოფიციალური მიზეზი გადაცემა „ამ შაბათ-კვირის“ დახურვა და მასში დასაქმებული ადამიანების ახალ შეთავაზებაზე არდათანხმება.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლობა შეწყვიტა:
· „ამ შაბათ-კვირის“ აღმასრულებელ პროდიუსერებთან, თამარ ჭინჭარაულთან და მარიამ ფირცხალავასთან;
· ამავე გადაცემის ჟურნალისტებთან ანა აბაკელიასა და ნია ბარბაქაძესთან.
ნია ბარბაქაზე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს მენეჯმენტის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესისთვის საფრთხის შექმნის შესახებ ღიად გაკეთებულ განცხადებასა და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას უკავშირებს. მისი თქმით, არხის ხელმძღვანელობამ მათ აცნობათ, რომ 1 აგვისტოდან გადაცემა აღარ გაგრძელდებოდა და სანაცვლოდ „აბსურდული შეთავაზება“ მიიღეს – რადიოში ორი ყოველდღიური გადაცემისთვის („შუადღის პიკის საათი“ და „საღამოს პიკის საათის“) მუშაობა.
„ეს შემოთავაზება სრულიად აბსურდული იყო – რადიო არ არის ჩვენი კომპეტენციისა და ინტერესის საგანი… სიურპრიზი არ ყოფილა – ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმ პროტესტით, რომელშიც ჩვენ ვიყავით ჩართული“, – ამბობს ნია ბარბაქაძე.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიამ თანამშრომლობა აღარ გააგრძელა ჟურნალისტ ია ანთაძესთანაც. მისი პროექტიც დაიხურა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა არხიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი 11 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ იმ (10-ზე მეტ) ადამიანებთან შეწყდა კონტრაქტები, ვინც პროევროპული აქციების პარალელურად მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ნაკლოვანებებსა და ხელისუფლების მიმართ მიკერძოებაზე საუბრობდნენ.
ფორუმი
