შობის ღამეს, 6 იანვარს, სანამ 00:00 დადგება, სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად წაიკითხეს საქართველოს პატრიარქის, ილიას სახელის გამოქვეყნებული ეპისტოლე. მისი ერთი ნაწილი სიყვარულს, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას ეთმობა.
„დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.
სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს“, – წერია ეპისტოლეში.
გასულ წელს, სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, არაერთი კანონი მიიღო სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად: აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, დემონსტრანტებს შეზღუდვები დაუწესა ტროტუარზე პროტესტის შემთხვევაშიც კი, პატიმრობით ისჯება გზის ან ფეხით სავალი ადგილების გადაკეტვა (განმეორების შემთხვევაში აღიძრება სისხლის სამართის საქმე) და ა.შ.
ფორუმი




