სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს გიორგი თავართქილაძე, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელსაც პარლამენტთან გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 22 ოქტომბერს გამოცხადდა.
ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია – რადგან პოლიციაში თავად გამოცხადდა, ადმინისტრაციულ სახდელად სიტყვიერი გაფრთხილება დაჰკისრებოდა.
თუმცა ლელა ცაგარეიშვილმა ამავე სხდომაზე გიორგი თავართქილაძის ნათქვამი ორჯერ მიიჩნია შეურაცხყოფად და ის ორჯერვე დააჯარიმა (ჯერ 100 ლარით, შემდეგ კი 200-ით).
„საბოლოო პოზიცია არის ის, რომ მე თავს არ ვცნობ დამნაშავედ. სამართალი არის სხვაგან, მე არ ვარ სხვაგან… მოვითხოვ დავისაჯო თქვენს მიერ ზუსტად ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები… მე ვაპირებ იგივე გავაკეთო დღესაც, ხვალაც, მე ვაპირებ ავიყოლიო ხალხი გავხდეთ ბევრი და დავასრულო რეჟიმი ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ე.წ. მოსამართლევ“, – მიმართა გიორგი თავართქილაძემ ლელა ცაგარეიშვილს. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ დააჯარიმეს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს აამოქმედა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონები, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს აქციების გამართავს – გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის 15-დღიანი პატიმრობაა დაწესებული. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
დემონსტრანტების დაკავების შემდეგ გიორგი თავართქილაძე თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და აცნობა, რომ ისიც მონაწილეობდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში.