სიტყვებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, ქართულ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვს – ენათმეცნიერი

ენათმეცნიერის, მარინე ბერიძის განცხადებით, სიტყვებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, ქართულ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვს.
მისი თქმით, „დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი“.
აღნიშნულის შესახებ ენათმეცნიერმა საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ. ის სასამართლოს წარუდგენს კვლევას, რომელიც ლინგვისტებმა აღნიშნული კანონის შესახებ ჩაატარეს.
როგორც ბერიძემ აღნიშნა, კანონის საკვანძო სიტყვა „უცხო“ ან „უცხოური“ კი არა, არამედ ინტერესია. მისივე თქმით, სიტყვა „უცხო“ უარყოფით კონოტაციას შეიცავს, „უცხოური“ კი შედარებით ნეიტრალურია.
მას მოსამართლე ევა გოცირიძემ ჰკითხა, კვლევის დასკვნა შეიცავს თუ არა სხვა რამეს გარდა იმისა, რომ „სიტყვებს – უცხო, უცხოური, ძალა და ინტერესები ნეგატიური კონოტაცია აქვს“, რაზეც ბერიძემ შემდეგნაირად უპასუხა: „ჩვენი დასკვნა შეუძლებელია სხვა იყოს“.
„კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მთავარი, საკვანძო სიტყვა ამ დოკუმენტისა, „უცხო“ და „უცხოური“ კი არ არის, არამედ არის ინტერესები. რაც შეეხება „უცხოს“ – კანონის საკვანძო, სათაურში გამოტანილი სიტყვა არის „უცხოური“ და არა „უცხო“. იქ მხოლოდ ორჯერაა გამოყენებული სიტყვა „უცხო“, ქვეყნის განმსაზღვრელად – „უცხო“ ქვეყანა. „უცხო“ პოლისემანტიკური სიტყვაა და მართლაც შეიცავს უარყოფით კონოტაციას. ვიდრე ეს კანონი იქნებოდა, ეს დისკომფორტი განათლების სამინისტრომ აღმოფხვრა იმით, რომ ჩვენთან დაკანონებული სიტყვა, უცხო ენები, განათლების სისტემაში საგნობრივ მახასიათებლებში, პროგრამებში ჩანაცვლებულია ტერმინი უცხოურით, რადგან „უცხოური“ „უცხოსთან“ შედარებით ნეიტრალურია იმიტომ, რომ წარმომავლობის დიფერენციალურ ნიშანს უკავშირდება. ის, რომ „უცხოს“ დადებითი კონოტაციები აქვს, ეს ახალი არაა და ასახულია ლექსიკონებში – მაგალითად, ღვთაებრივი და უღვთოდ ლამაზიც ერთი და იგივეა“,- განაცხადა მარინე ბერიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონიდან ამოღებულია ტერმინი „აგენტი“, პოლემიკურ დისკურსში ის ისევ იჩენს თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერმინების – „გამტარებელისა და აგენტის“ სინონიმურობა დარჩა.
„სხდომის დროსაც ვაკვირდებოდი, და თქვენ, მოსამართლეებს შორისაც, „უცხო“ და „უცხოური“ სინონიმია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონში ყველაფერი სწორია, როგორც რედაქტორი და კორექტორი, დავეხმარები კანონშემოქმედს და გავასწორებ მაგრამ ეს საკითხი კანონში არ სრულდება“,- განაცხადა მარინე ბერიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ