„სიტყვებთან სიფრთხილეა საჭირო“ – ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი „მეხუთე კოლონის“ შესახებ მინიშნებებს პასუხობს

ლიეტუვას პარლამენტის თავმჯდომარის, საულიუს სკვერნელისის განცხადებას, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ს მხარდამჭერთა „მეხუთე კოლონა“ არსებობს, პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა და მხოლოდ განხეთქილებას თესავს.
„სიტყვებთან უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას ეროვნულ ტელე-რადიო მაუწყებელში (LRT) გამოსვლისას.
სკვერნელისმა, რომელიც დემოკრატების პარტია „ლიეტუვასთვის“ ლიდერია, ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი კოალიციის წევრი პარტიის – „ნეამუნასის განთიადის“ – დეპუტატთა ჯგუფი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების კიდევ ერთი წლით გაგრძელების წინადადებას არ დაეთანხმა და კენჭისყრისას თავი შეიკავა. მოგვიანებით, მათ განაცხადეს, რომ კონკრეტულად სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, ამ ინიციატივამ პირველი მოსმენა მაინც გაიარა.
„სეიმში „მეხუთე კოლონა“ ყალიბდება, ჩვენ ამას მათი მხრიდან ხმის მიცემის მიხედვით ვგრძნობთ“, – განაცხადა სკვერნელისმა LRT-თან ინტერვიუში.
თუმცა, პრემიერ-მინისტრი პალუცკასი გადაჭრით ამბობს, რომ „მეხუთე კოლონა“, ანუ ძალა, რომელიც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეგნებულად მოქმედებს, ლიეტუვას სეიმში არ არსებობს.
„ლიეტუვას საზოგადოება ძალიან მდგრადია მტრული სახელმწიფოების მცდელობების მიმართ, დათესონ განხეთქილება და მოახდინონ გარკვეული პირების რეკრუტირება, რომლებსაც სახელმწიფოსთვის ბოროტება სურთ ან საბოტაჟის აქტებს ახორციელებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„უფრო მეტიც: შემიძლია ვთქვა, რომ უცხოურ სპეცსამსახურებთან ან უცხოურ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან რაიმე სახის სარისკო ან საეჭვო კავშირებში პარლამენტის არც ერთი მოქმედი წევრი არ არის შემჩნეული“, – დასძინა მან.
მისივე თქმით, პოლიტიკაში შეიძლება გამოყენებული იყოს „კონკურენციის ხელშემწყობი სხვადასხვა ინსტრუმენტი“, მაგრამ, ამ შემთხვევაში, სკვერნელისის განცხადებები „გარკვეულ დაყოფასა და პოლარიზაციას“ იწვევს.
„სიმართლე გითხრათ, ერთი გამომსვლელიც კი ვიცი, ვინც ასე საუბრობს პარლამენტზე, რომელსაც სკვერნელისი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა პალუცკასმა.
ოპოზიციური პარტია „ფერმერების და მწვანეების“ წარმომადგენელმა, ვალიუს აჟუოლასმა, სკვერნელისის განცხადებების გამო, ეთიკის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა.
წყარო: 1არხი