პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოვიღებთ აშშ-ის „ფარას“ კანონს, კანონის შინაარსთან ვინმეს რაიმე პრეტენზია, კითხვა თუ აქვს, მიმართონ აშშ-ს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით დღემდე არის მცდელობა, რომ ბუნდოვანება შექმნან და კანონის დისკრედიტაცია მოახდინონ, ამიტომ მმართველი გუნდი სიტყვასიტყვით გადმოიღებს ამერიკულ კანონს, რომელიც ათწლეულებია, მოქმედებს.
„რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს,“, აქ ვხედავთ, რომ დღემდე ხალხი, რომელსაც შიგნით თუ გარეთ წაკითხულიც არ აქვს ეს კანონი, ქართველები ცდილობენ ხოლმე, რომ ან თარგმანში დააბნიონ უცხოელები, თუ რა არის ამ კანონის შინაარსი და პირიქით, უცხოელები აქეთ მერე გვიმტკიცებენ საკითხებს, რაც არ წერია საერთოდ კანონში. ჩვენ შევეცადეთ, რომ საქართველოსთვის ყველაზე მორგებული ვერსია ყოფილიყო, თუმცა ვხედავთ, რომ ამას მაინც იყენებენ, ბუნდოვანებას ქმნიან კანონთან დაკავშირებით, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინონ. ამიტომ, ხომ არის აშშ მათთვის იდეალი და მისაბაძი. აგერ არის აშშ, არის მისი „ფარა“, რომელიც ათწლეულებია, მოქმედებს. აშშ რომ გარე ჩარევებისგან დაცულია, ალბათ ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, შესაბამისად ე.ი. ეფექტურად მოქმედებს ეს კანონი. პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოვიღებთ ამ კანონს. კანონის შინაარსთან ვინმეს რაიმე პრეტენზია, რაიმე კითხვა თუ აქვს და ვერ ერკვევა, მიმართონ აშშ-ს. რაიმე თუ მიაჩნიათ სამართლიანად ან უსამართლოდ, მიმართონ აშშ-ს. ან თქვან მაშინ, რომ აშშ-ის სისტემა თუ შტატები მიაჩნიათ არადემოკრატიულად და არასამართლიანად. ამიტომ სიტყვასიტყვით გადმოვიღებთ აშშ-ის კანონს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
