სიტუაცია კატასტროფულია, მგზავრების გადამყვანი ტრანსპორტის 65% საერთოდ არ მიმართავს ტექნიკურ ინსპექტირებას – დავით მესხიშვილი

საქალაქთაშორისო მგზავრების გადამყვან ტრანსპორტთან მიმართებაში სიტუაცია არის კატასტროფული, ძალიან მძიმე. იმიტომ, რომ ეს სფერო პრაქტიკულად გასულია კანონმდებლობიდან, ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „გრინლაით კონსალტინგის” დამფუძნებელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მგზავრების გადამყვანი ტრანსპორტის 65% საერთოდ არ მიმართავს ტექნიკურ ინსპექტირებას. ისინი მგზავრების გადაყვანის ნებართვას თვითორგანიზებული ავტოსადგურებიდან და მუნიციპალიტეტებიდან უკანონოდ იღებენ და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში ავტობუსს რადიატორი გაუსკდა და ბავშვი დაიწვა. მუნიციპალური ტრანსპორტი რამდენად რეგულარულად მოწმდება და რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს?
დავით მესხიშვილი „გრინლაით კონსალტინგის” დამფუძნებელი: საქალაქთაშორისო მგზავრების გადამყვან ტრანსპორტთან მიმართებაში სიტუაცია არის კატასტროფული, ძალიან მძიმე. იმიტომ, რომ ეს სფერო პრაქტიკულად გასულია კანონმდებლობიდან. რაც შეხება სხვადასხვა ქალაქების მუნიციპალიტეტების ტრანსპორტს, ბევრჯერ გაჩნდა კითხვა (ეს დედაქალაქს არ ეხება ცალსახად). მიმართვიანობა ტექინსპექტირების ცენტრებში ძალიან დაბალი და ეს ძალიან ცუდია. არ ხდება კონტროლი. აქ კიდევ ერთ პრობლემა იკვეთება – კანონის აღსრულება გზებზე. თუ ტექინსპექტირებაზე არ მიდის სატრანსპორტო საშუალება, მაშინ როგორ გადაჰყავს მგზავრები? მას არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება და ამის უფლებას ისინი იღებენ უკანონო თვითორგანიზებული ავტოსადგურებიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შემთხვევაში და მუნიციპალური ტრანსპორტის შემთხვევაში – თვითონ მუნიციპალიტეტი ხუჭავს თვალს და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს. ამას სხვა ახსნა ვერ ექნება.
მაგრამ ინსპექტირება არ არის ჯადოქრობა, რომ ყველა პრობლემა მოაგვაროს. ეს არის პრევენციული ღონისძიება, სადაც შეიძლება დადგინდეს ისეთი ხარვეზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მაგრამ რა ხდება ტექინსპექტირებიდან ტექინსპექტირებამდე, ამ შუალედში? ავტომობილის ექსპლუატაციის უსაფრთხოებას ვინ უზრუნველყოფს? პირველ რიგში პასუხისმგებელი არის მძღოლი, ავტომობილის ტექნიკურ უსაფრთხოებაზე, ასევე ის კომპანია, რომლის ბალანსზეც იმყოფება ეს ტრანსპორტი და მეორე შემთხვევაში პასუხისმგებელი არის კანონის აღმსრულებლები.
როგორც გითხარით, დღეს გზებზე კანონის აღსრულება არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ამის ბევრი მაგალითია, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რომელიც სატვირთო ტრანსპორტია და გადაჰყავს მგზავრები და კუსტარულადაა გადაკეთებული. ვინმეს რამე რეაგირება მოუხდენია ამაზე? არა. ამიტომაც არის რომ რეგისტრირებული მგზავრების გადამყვანი ტრანსპორტის 65% საერთოდ არ მიმართავს ტექნიკურ ინსპექტირებას.