„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის 2002/98/EC დირექტივას. ეს დირექტივა განსაზღვრავს ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და დისტრიბუციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.
ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შეფასების ანგარიშში მითითებულია, რომ სისხლის, ქსოვილების, უჯრედებისა და ორგანოების საკითხში სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო ჰარმონიზებული იქნა ევროკავშირის კანონმდებლობასთან 2024 წლის დეკემბერში „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიღებით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა განიხილოს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ადამიანის წარმოშობის ნივთიერებების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ევროკავშირის 2024/1938 უახლეს რეგულაციასთან დაახლოების მომზადება.
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დაკავშირებულია უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებასთან, რაც საქართველოს ასოცირების შეთანხმებით დაეკისრა. ცვლილებების მიზანია, უსაფრთხო სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის, დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურების გამკაცრება, სისხლით ვაჭრობის რეგულირება და ნებაყოფლობითი, უანგარო, ანონიმური, რეგულარული დონაციის წახალისება, დონაციის ხელშემწყობი, მდგრადი საგანმანათლებლო და სოციალური სისტემის დანერგვა; ასევე – სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესების დანერგვა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მსოფლიოში უანგარო დონორები ითვლებიან ყველაზე უსაფრთხო დონორებად, ვინაიდან სისხლის გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკი ამ ჯგუფში მინიმალურია. ისინი არ მალავენ ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მათი ქმედება ერთ მიზანს ემსახურება – შეუნარჩუნონ და გაუხანგრძლივონ სიცოცხლე ადამიანებს. დონორები, რომლებიც სისხლს ფულადი და სხვა ანაზღაურებისათვის აბარებენ, შესაძლოა, მალავდნენ გარკვეულ ინფორმაციას მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. უანგარო დონორი გახლავთ უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტი“ .
კანონის მიხედვით დონორი შეიძლება იყოს 18 წლიდან 65 წლამდე პირი. 17 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღება დასაშვებია მხოლოდ მისი და მისი მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს და ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში.
დონორს უფლება აქვს, გათავისუფლდეს სამსახურიდან სისხლისა და მისი კომპონენტების ჩაბარების დროს. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად. იმავდროულად, დონორობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში დონაციის დღე ჩაუთვალოს საპატიოდ და აუნაზღაუროს, როგორც ფაქტობრივად ნამუშევარი დრო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization /WHO/ მონაცემების მიხედვით:
· მსოფლიოში შეგროვებული 5 მილიონი სისხლის დონაციიდან 40% მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გროვდება, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 16% ცხოვრობს.
· დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სისხლის გადასხმის 54%-მდე 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უკეთდებათ; მაშინ, როცა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სისხლის გადასხმის ყველაზე ხშირად შემსწრე პაციენტთა ჯგუფი 60 წელზე მეტი ასაკისაა, რაც ყველა გადასხმის 76%-მდე შეადგენს.
· 1000 ადამიანის ნიმუშზე დაყრდნობით, სისხლის დონაციის მაჩვენებელი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში5%-ია, მაღალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 16.4%-ია, დაბალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 6.6%-ია, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 5.0%-ია.
· 2008 წლიდან 2018 წლამდე ნებაყოფლობითი, უანგარო დონორებისგან სისხლის დონაციის 10.7 მილიონით ზრდა დაფიქსირდა. სულ 79 ქვეყანა სისხლის მარაგის 90%-ზე მეტს უანგარო, ნებაყოფლობითი სისხლის დონორებისგან აგროვებს; თუმცა, 54 ქვეყანა სისხლის მარაგის 50%-ზე მეტს ოჯახის/შემცვლელი ან ანაზღაურებადი დონორებისგან იღებს.
· 171 ანგარიშგების მონაწილე ქვეყნიდან მხოლოდ 56 აწარმოებს პლაზმისგან მიღებულ სამკურნალო პროდუქტებს (PDMP) ანგარიშგების მონაწილე ქვეყნებში შეგროვებული პლაზმის ფრაქციონირების გზით. სულ 91 ქვეყანამ განაცხადა, რომ ყველა PDMP იმპორტირებულია, 16 ქვეყანამ განაცხადა, რომ ანგარიშგების პერიოდში PDMP არ გამოიყენებოდა და 8 ქვეყანამ არ უპასუხა კითხვას.
· ფრაქციონირებისთვის განკუთვნილი პლაზმის მოცულობა 1000 მოსახლეზე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 45 ანგარიშგების მონაწილე ქვეყანაში და მერყეობდა 0.1-დან 52.6 ლიტრამდე, საშუალოდ 5.2 ლიტრით.
ეს მონაცემები ცხადად წარმოაჩენს, რომ დონაციების (სისხლის შეგროვების) მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის შემოსავლების მიხედვით; სფერო საჭიროებს რეგულირებას უსფრთხოებისა და ხარისხის მიზნებისთვის, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.
გამოყენებული წყაროები:
https://enlargement.ec.europa.eu/georgia-report-2025_en
https://new.matsne.gov.ge/ka/document/download/5641857/2/ge/pdf
https://eur-lex.europa.eu/eli/dir/2002/98/oj/eng
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A02002L0098-20090807
https://bm.ge/news/donorta-sherchevisa-da-testirebis-protsedurebi-gamkatsrdeba-ra-tsvlilebebi-igegmeba-siskhlisa-da-misi-komponentebis-kanonshi
https://jandacva.ge/news/health/2025-tslis-1-ivlisidan-siskhlis-donatsia-daefudzneba-nebayoflobitobisa-da-uangarobis-printsipebs-rats-khariskhiani-da-usafrtkho-siskhlis-khelmisatsvdomobas-uzrunvelyofs
https://www.who.int/en/news-room/fact-sheets/detail/blood-safety-and-availability
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/



