სისხლიანი ანგარიშსწორება ბერძნულ მაფიაში – საქართველო, ალბანეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი და რუსეთი – მედიამ 7-კაციანი კრიმინალური დაჯგუფების წევრების ვინაობა გაშიფრა

ბერძნულ მაფიაში სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მედიამ 7-კაციანი კრიმინალური დაჯგუფების წევრების ვინაობა გაშიფრა. საქართველო, ალბანეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი და – პრესა წერს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის ფიგურანტები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. 38 წლის სავაშ აზოიდჰისი, 40 წლის დიმიტრი კიუნდოვი და 28 წლის ილია ემინდისი – ეს ის სამი ეჭვმიტანილია, რომელსაც ბერძნული და ალბანური პრესა ქართველებად მოიხსენიებს. ერთი ვერსიით მათ წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო პერსონალური მონაცემები შეცვლილი აქვთ, მეორე ვერსიით კი ქართველებად მოხსენიებული პირები საქართველოდან რეპატრირებული ბერძნები არიან.
ბერძენი ჟურნალისტები მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის მკვლელობების სერიას სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდას უკავშირებენ, სადაც საკუთარი ინტერესები აქვს ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდს. სავარაუდოდ, სწორედ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის გარემოცვას წარმოადგენს ის სამი მამაკაციც, რომელსაც პრესა ქართველებად მოიხსენიებს. მათგან ორი სამართალდამცველებმა ცნობილი ბერძენი მაფიოზის იანის სკაფტუროსის, იგივე “ბიძია ჯოს“ და მისი ორი პარტნიორის მკვლელობისთვის დააკავეს. სკაფტუროსი, რომელიც სიგარეტის და საწვავის არალეგალურ ბიზნესს კურირებდა, საკუთარ აგარაკზე 2022 წელს ოჯახის წევრების თვალწინ ჩაცხრილეს. გასული წლის ზაფხულში კი მოკლეს მისი გარემოცვის ორი გავლენიანი ლიდერიც. ამავე ჯგუფის სახელს უკავშირდება ბერძენი მაფიოზის კუთვნილი სიგარეტის საწყობის, ავტომობილების გადაწვის და რამდენიმე მკვლელობის მცდელობის ფაქტები. მედია წერს, რომ ისინი დანაშაულს ხშირად სასულიერო პირების სამოსით და სილიკონის ნიღბებით სჩადიოდნენ.
მონტენეგროში დაკავებულთა შორისაა 26 წლის ალბანელი ჯონათან პაჯო. ის საზღვრის კვეთის დროს ოქტომბერში დააპატიმრეს, ჩხრეკისას კი ცეცხლსასროლი იარაღები და სილიკონის ნიღბები ამოიღეს. მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების სია საკმაოდ ვრცელია, მათ შორის საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე. საქმეში სწორედ ჯონათან პაჯოსთან ერთად ფიგურირებს ის სამი მამაკაციც, რომლებსაც ბერძნული და ალბანური მედია ქართველებად მოიხსენიებს. როგორ გავიდნენ სამართალდამცველები დამნაშავეების კვალზე – ამ კითხვას პასუხს სცემს ბიოლოგიური მასალა, რომელიც დამნაშავეებმა 2022 წელს ბერძენი მაფიოზის მკვლელობის ადგილზე დატოვეს.
ბერძნული მაფიის ლიდერის იანის სკაფტუროსის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩენილა. გასულ კვირას მასთან დაპირისპირებული კრიმინალური კლანის ლიდერი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. მას 96 ტყვია ესროლეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი კლანებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე უკვე 20-ზე მეტი მკვლელობა მოხდა.