სისტემური რეგისტრაციის პროექტით კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება

თბილისის მთავრობის დღევანდელი განკარგულებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, მოქალაქეებს კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დაურეგისტრიროს.
როგორც დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეგისტრაცია შეეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს.
„თბილისის მერია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს – მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს. წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს პროექტი შეეხო 5 464 სარეგისტრაციო განაცხადს და მოიცავდა სისტემური რეგისტრაციის ხუთ არეალს. დღევანდელი განკარგულებით კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, განახორციელოს რეგისტრაცია კიდევ 4 021 სარეგისტრაციო განაცხადზე, რომელიც ეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს. ამ ორი განკარგულებით, რეესტრს მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს რეგისტრაცია, ჯამში, 9 485 სარეგისტრაციო განაცხადზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მიულოცა ყველა იმ ოჯახს, ვისი განაცხადიც უკვე დაკმაყოფილდა და აღნიშნა, რომ პროექტი წლის ბოლომდე თბილისის მუნიციპალიტეტის თორმეტივე არეალში დასრულდება.
„მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი თბილისში ხორციელდება, 2023 წლის ივნისში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ეხება შემდეგ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელზეც, დაახლოებით, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება, თბილისის მერია უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4,264 ჰა-ს, საიდანაც დაურეგისტრირებელია დაახლოებით, 757 ჰა მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური პროექტი ეხება 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.