სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე –

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დასანქიცერებული იმედის ეთერში გამართული დებატებისას, რომლის თემაც იყო “უნდა აშენდეს თუ არა საქართველოში დიდი ჰესები” განაცხადა, რომ სისტემის სტაბილურობა დიდი ჰესების აშენების გარეშე ვერ იქნება მიღწეული.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ ელექტროენერგია არის მგრძნობიარე სფერო. “ჯამში დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%. კრიტიკულ თვეებში, 8 თვის განმავლობაში არის დამოკიდებულება 42%”, რაც მისი თქმით, საჭიროებს ცვლილებას.
ივანიშვილის პრემიერმა საუბრისას ახსნა, რომ განსაკუთრებით არიან ორიენტირებულნი იმაზე, რომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიყვანონ ნულამდე, “რაც არის საშვილიშვილო საქმე”.
“რაც შეეხება არსებულის მოდერნიზებას, რა თქმა უნდა, ესეც არის გეგმის ნაწილი. მაგრამ, მაგალითად რომ ავიღოთ არსებული დიდი ჰესები და იქ კონკრეტული სამუშაოების ჩატარება, მაქსიმუმს ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევებში, ისიც ყველგან არა, 20%-ით შეიძლება გააუმჯობესო, გაზარდო გენერაციის მასშტაბი, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი, არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს არ არის ალტერნატივა ახალი ჰესების მშენებლობისთვის და სხვა მიმართულებით გეგმების განხორციელებისთვის.
რაც შეეხება მოხმარების ზრდას, საშუალო მაჩვენებელი არის 3.7% და ეს არის პროგნოზი მომდევნო წლებისთვისაც. ბუნებრივია, ესეც გეგმის ნაწილია. საორიენტაციო მაჩვენებლები, საპროგნოზო მაჩვენებლები არის ჩვენი გეგმის შედგენის ერთ-ერთი საფუძველი.
რაც შეეხება მაინინგს. გეთანხმებით, რომ აქ არის პრობლემები და ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ბატარეები – ესეც  ჩვენი გეგმის ნაწილია. ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ დიდი ჰესების თემას, ანუ მარეგულირებელი, სტრატეგიული ჰესების თემას, აქ ძალიან მარტივად, თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით და ბოლომდე ჩაღრმავებაც არ სჭირდება ამას, თუ ზედაპირულად თუნდაც გავაანალიზებთ ჩვენი ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესს, ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე.
ამიტომ, ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება. ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას.” – განაცხადა კობახიძემ ეთერში.