საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში სომხეთს 9:1 სძლია და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა ვაიგულშემატკივრებმა ეს სიხარული არ შეგვარგეს.
საპასუხო შეხვედრის წინ ვწერდით, რომ თბილისში სომეხი გულშემატკივრები აპირებდნენ ჩამოსვლას, რომლებიც ერევანში კარგად დაგხვდნენ და ასეთივე მასპინძლობა უნდა გაგვეწია. სამწუხაროდ, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედანზე ახალგაზრდათა ერთი ჯგუფი გადავიდა, ტრიბუნასთან მიიჭრა, სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენა და სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყო. „სირცხვილი, სირცხვილი“ – სკანდირებდნენ ნამდვილი გულშემატკივრები, მაგრამ მათი არ ესმოდათ, რადგან ამ ბრბოს ქართული სტუმარმასპინძლობის წესისა და ტრადიციების არაფერი
გაეგება.
სხვა საკითხია, საერთოდ როგორ მოხვდა ამდენი უბილეთო ადამიანი სტადიონზე. მატჩის ორგანიზატორებმა ელემენტარული წესრიგის დაცვა ვერ უზრუნველყვეს, ვისაც უნდოდა, ისე გადადიოდა „დინამო არენას“ ღობეზე და მოედანზე შესვლაც არავის არ უჭირდა. კიდევ კარგი პოლიციამ დაძაბულობის განმუხტვა მოახერხა, თორემ შეიძლებოდა ტრაგედია დატრიალებულიყო.
ახლა არსებობს საშიშროება იმისა, რომ უეფამ მკაცრად დაგვსაჯოს და „ჯვაროსნებმა“ მომდევნო ოფიციალური მატჩი, 4 სექტემბერს თურქეთთან მაყურებლების გარეშე ჩაატარონ. ცნობისათვის, გასული წლის 2 ნოემბერს უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ალბანეთის ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩისას ზოგიერთი დარღვევის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა – 4 ათასი ევროთი მიხეილ მესხის სტადიონის გასასვლელების ბლოკირებისთვის, 12 ათასით გულშემატკივრების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ლაზერის მინათებისთვის, 30 ათასით კი პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ამას გარდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუ მომავალ ორ წელიწადში დარღვევა განმეორდება, საშინაო მატჩზე სტადიონზე ერთ-ერთი ტრიბუნა (2 ათასი მაყურებელი) დაიხუროს.
ერთი ტრიბუნის დახურვას ვინ ჩივის, არაა გამორიცხული, ინციდენტიდან გამომდინარე, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი იყოს. ერთი სიტყვით, იმის მაგივრად, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ ეროვნულ გუნდს, ისეთი საქმე გააკეთეს, მტერი მტერს რომ არ გაუკეთებს.
მიმომხილველი
