„სირცხვილია ერთ-ერთ მთავარ გამზირზე ადამიანები სარგებლობდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებით – რუსთაველის გამზირზე საფეხმავლო გადასასვლელები გაჩნდება“

„რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველის გამზირზე საფეხმავლო გადასასვლელები დაიხაზება“,- ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ცნობისთვის, თბილისის მერია მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა მ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.
„არ შეიძლება 21-ე საუკუნეში დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე ადამიანები გადასვლის დროს სარგებლობდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებით. თუ გვინდა რომ ვიყოთ ცივილური სამყაროს ნაწილი, ეს არის სირცხვილი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ქუჩაზე გაჩნდება საფეხმავლო გადასასვლელები,“- განაცხადა წილოსანმა.
წამყვანის შეკითხვაზე – გამზირზე ზებრა გადასასვლელების გაჩენა კიდევ უფრო ხომ არ შეაფერხებს მოძრაობას, წილოსანმა უპასუხა რომ ქალაქი არის ყველასი.
„არასწორია ისე საუბარი ან ფიქრი, რომ ქალაქი იყოს იმ ადამიანების ვისაც ჰყავს ავტომობილი. ქალაქი არის ყველასი, მათ შორის ვინც გადაადგილდება ქვეითად, ველოსიპედით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მერწმუნეთ, ამ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ვინც გადაადგილდება ავტომობილით, მაგრამ ზუსტად იგივე პროპორციით გაცილებით უფრო მეტი სივრცე უჭირავთ ქალაქში იმ ადამიანებს ვისაც ჰყავთ ავტომობილი, რაც ქალაქისთვის შეუსაბამო გადანაწილებაა“, – აღნიშნა წილოსანმა.
bpn.ge