დრუზების უფლებების დაცვა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა.
სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, სირიის პრეზიდენტის სასახლესა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე განხორციელებული საჰაერო დარტყმებით „ისრაელმა მიზანში სამოქალაქო და სამთავრობო ობიექტები ამოიღო“.
„ჩვენ ომის არ გვეშინია. მთელი ცხოვრება გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ჩვენს ხალხს ვიცავთ, მაგრამ სირიელების ინტერესები ქაოსსა და ნგრევაზე წინ დავაყენეთ“, – განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.
მისი თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშებმა „სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია“.
„ამერიკულმა, არაბულმა და თურქულმა ეფექტურმა შუამავლობამ რეგიონი გაურკვეველი ბედისწერისგან იხსნა“, – აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „აშშ ყველა მხარესთან ჩაერთო და დრუზების ქალაქ სუვეიდაში საბრძოლო მოქმედებები მალე შეწყდებოდა“. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების“ მიზნით აშშ-ის ძალისხმევას მისალმა. ამასთან, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სირიის ჯარებმა სუვეიდადან გასვლა დაიწყეს.
სირიის ომის მონიტორის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებს, მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად, 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
