სირიის ინფორმაციის ახალი მინისტრი პრესის თავისუფლების პირობას იძლევა

სირიის დროებითი მთავრობის ინფორმაციის მინისტრმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ თავისუფალი პრესის შექმნაზე მუშაობს და ქვეყნის ყოფილი მმართველების მიერ მედიაზე დაწესებული მკაცრი კონტროლის შემდეგ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, „გამოხატვის თავისუფლების“ დამკვიდრება სურს. „ჩვენ ვმუშაობთ პრესისა და სიტყვის თავისუფლების გასაძლიერებლად, რომელიც ბაშარ ასადის ყოფილი მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მკაცრად იყო შეზღუდული“, – განაცხადა მინისტრმა მოჰამედ ალ-ომარმა. ასადის კლანის მმართველობა, რომელიც ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, ისლამისტმა მეამბოხეებმა 8 დეკემბერს დაასრულეს. სირიის მმართველი პარტია „ბაასი“ („არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტია“ – რედ.) და ასადის ოჯახის დინასტია მკაცრად ზღუდავდა ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის – პრესისა და სიტყვის თავისუფლებას. ამასთან, სირიაში მედია ძალაუფლების მქონე პირთა იარაღად იქცა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებას უწევს მონიტორინგს, 2024 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში სირია ბოლოდან მეორე ადგილზე დააყენა, რომელიც თალიბების მმართველობის ქვეშ მყოფ ავღანეთსაც კი ჩამორჩა და მხოლოდ ერითრეას გაასწრო.
„რეჟიმის პირობებში, რომელიც მკაცრ ცენზურას ახორციელებდა, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება მკაცრად იყო შეზღუდული. ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მუშაობას თავისუფალი, ობიექტური და პროფესიონალური მედიის აღსადგენად“, – აღნიშნა ომარმა სამშაბათს, 31დეკემბერს, „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ის დამასკოში შექმნილი იმ დროებითი ადმინისტრაციის წევრია, რომელიც გამარჯვებული მეამბოხე კოალიციის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. კოალიციაში წამყვან ძალას წარმოადგენს „ჰაიათ თაჰრირ ალ შამი“, რომელიც ჯიჰადისტური ჯგუფის, „ალ-ქაიდას“ სირიის ფილიალის ბაზაზე შეიქმნა და მრავალი მთავრობის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, თუმცა, ბოლო პერიოდში ის თავისი იმიჯიის შერბილებას ცდილობს. რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის და დასავლეთის დიპლომატებმა უკვე დაამყარეს კონტაქტები სირიის ახალ მმართველებთან, რომლებმაც იმის პირობაც დადეს, რომ ქვეყნის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს დაიცავენ.
ომარი ადრე ინფორმაციის მინისტრად თვითგამოცხადებულ „ხსნის მთავრობაში“ მსახურობდა და შედიოდა სამოქალაქო ადმინისტრაციაში, რომელიც „ჰაიათ თაჰრირ ალ შამმა“ 2017 წელს მის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში (ჩრდილო-დასავლეთ სირია) შექმნა. სწორედ იდლიბიდან დაიწყეს აჯანყებულებმა ელვისებური წინსვლა დამასკოსკენ, რომელიც ბაშარ ასადის დიქტატურის დამხობით დასრულდა. მანამდე კი იყო 13-წლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც 2011 წელს მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მთავრობამ სასტიკად ჩაახშო დემოკრატიული ძალების პროტესტი და ასადმა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე შეზღუდვები გაამკაცრა.
„ჩვენ არ გვინდა, იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ, ანუ არ ვაპირებთ, გვყავდეს ოფიციალური მედია, რომლის მიზანი მმართველი ხელისუფლების იმიჯის დაცვაზე ზრუნვა იქნება“, – განაცხადა ომარმა. ასადის დამხობისა და მოსკოვში გაქცევის შემდეგ, სირიულმა მედიამ, რომელიც მანამდე ასადის რეჟიმს განადიდებდა, სწრაფად შეიძინა რევოლუციური ენთუზიაზმი. ომარის თქმით, ახალ ადმინისტრაციას სურს, „შეამციროს ბიუროკრატია და ხელი შეუწყოს უცხოელი ჟურნალისტების მუშაობას“, რომლებიც ადრე ასადის მთავრობის მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდნენ და სამუშაო ვიზების მიღება უჭირდათ. 13 დეკემბერს ინფორმაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მედიის მუშაკებს, რომლებიც ასადის რეჟიმის სამხედრო და პროპაგანდისტული მანქანის ნაწილს წარმოადგენდნენ და მისი დანაშაულების ხელშეწყობაში პირდაპირი თუ ირიბი წვლილი შეიტანეს“, „პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“.
თუმცა, სირიელ ჟურნალისტთა ანტიასადური პროფკავშირის დამასკოს ფილიალის ხელმძღვანელი, ბასამ საფარი, რომელიც ადრე საზღვარგარეთ დევნილობაში იმყოფებოდა, მიიჩნევს, რომ მედიის არც ერთმა თანამშრომელმა არ უნდა აგოს პასუხი, „სანამ არ დამტკიცდება, რომ ისინი სისხლისღვრაში მონაწილეობდნენ“. მისი თქმით, „ეს სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია“. საფარის აზრით, სირიელი ხალხი უნდა შეურიგდეს თავის ჟურნალისტებს, რათა შეიქმნას „ახალი მედია-გარემო, რომელიც თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე იქნება დაფუძნებული და ორიენტირებული“. სამშაბათს ომარმა ათეულობით სირიელ ჟურნალისტთან გაცვალა მოსაზრებები გარდამავალი პერიოდის განსახილველად.
„ჩვენ გვინდა, რომ მედიამ ასახოს სირიის კულტურა მთელი მისი მრავალფეროვნებით, ასახოს მისი ამბიციები და საზრუნავი, იყოს ხიდი ხალხსა და ადმინისტრაციას შორის“, – აღნიშნა ომარმა „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში.
წყარო: 1 არხი