2025 წლის 16 მაისიდან ავღანეთის, ბანგლადეშის, განას, ეთიოპიის, ერიტრეას, იემენის, კამერუნის, კოტ დ’ივუარის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს, ნიგერიის, პაკისტანის, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიისა და უგანდის მოქალაქეებს საქართველოში ნაწილობრივ გამკაცრებული წესით შემოუშვებენ.
საქართველოში „უვიზოდ შემოსვლის“ წესები 2015 წლის 5 ივნისიდან მოქმედებს. ამ წესის მიხედვით, ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლია 50 ქვეყნის მოქალაქეს. გარდა ამისა, სახელმწიფო გამონაკლის უშვებს იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა აქვთ ჩამონათვალიდან რომელიმე ერთი ქვეყნის მაინც ვიზა ან ბინადრობის უფლება – დოკუმენტი მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის დღისთვის.
2025 წლის 17 აპრილს დადგენილებაში ცვლილება შევიდა. თუ დასახელებული 17 ქვეყნის (ავღანეთის, ბანგლადეშის, განას, ეთიოპიის, ერიტრეას, იემენის, კამერუნის, კოტ დ’ივუარის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს, ნიგერიის, პაკისტანის, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიისა და უგანდის) მოქალაქეს საქართველოს საზღვრის კვეთის დღეს ექნება „გალფის ქვეყნების“ (არაბთა გაერთიანებული საამიროების ან ბაჰრეინის სამეფოს ან საუდის არაბეთის სამეფოს ან კატარის სახელმწიფოს ან ქუვეითის სახელმწიფოს ან ომანის სასულთნოს) ერთ წელზე ნაკლები ვადის მქონე ვიზა ანდა ცხოვრების უფლება, ქვეყანაში აღარ შემუშებენ.
ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ გავრცელდება ეს შეზღუდვები თუ მათ ექნებათ დადგენილებაში ჩამოთვლილი 40-ზე მეტი სხვა ქვეყნის (თუმცა არა „გალფის ქვეყნების“) ვიზა ანდა ცხოვრების უფლება. ამ შემთხვევაში ვადა არ იქნება გადამწყვეტი. საქართველოში დარჩენა წელიწადში ორჯერ 90-90 კალენდარული დღე შეეძლებათ.
ფორუმი
