სირიის ანტისამთავრობო დაჯგუფებების შეიარაღებული რაზმები, რომლებმაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, პარასკევს, 29 ნოემბრის ღამის ბრძოლის შემდეგ, ალეპოს გარეუბანს მიუახლოვდნენ და ქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო “ანადოლუ” ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯიჰადისტურმა ჯგუფებმა კონტროლი დაამყარეს 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე და დაიკავეს დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში. პარასკევს, დილის საათებში, ისინი თავს დაესხნენ ნეირაბის სამხედრო აეროპორტს. იქ ვერტმფრენი განადგურდა. ისლამისტებმა ასევე მოახერხეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ კონტროლირებადი სირიის არმიის მძიმე იარაღის, მანქანებისა და საწყობების ხელში ჩაგდება.
ანადოლუს თანამოსაუბრეები ასევე აცხადებენ, რომ ჯგუფების მებრძოლებმა სირიის სამთავრობო არმიის რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაატყვევეს.
თავის მხრივ, სირიაში მებრძოლი დაპირისპირებული მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ იგნასიუკმა ხუთშაბათს თქვა, რომ სამთავრობო არმიის სამხედროები, რუსული ავიაციის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ ტერორისტული დაჯგუფება ჯებჰატ ალ-ნუსრას პოზიციებს. ვარაუდობენ, რომ შეტაკებაში 400 ჯიჰადისტი დაიღუპა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალეპოსა და იდლიბზე შეტევაში პროურქული ტერორისტული დაჯგუფება “ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი” მონაწილეობს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის” მოულოდნელი შეტევა ალეპოზე შეერთებული შტატებისა და ისრაელის გეგმების შედეგია. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ ირანის, თურქეთისა და რუსეთის შეთანხმებების თანახმად, ალეპო დეესკალაციის ზონაში შედის. ჯიჰადისტების მოულოდნელი თავდასხმა უხეშად არღვევს ასტანის სამშვიდობო პროცესის ყველა პრინციპს.