ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობებში დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან ხშირად ისმის ტერმინი ,,ნაცვალგებითი ტარიფები”. ამ ტერმინის მიღმა ამერიკის მმართველი ელიტა უარყოფითი ბალანსის შემავსებელ მექანიზმს მოიაზრებს, რომლის გამოყენებითაც მათ შტატების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების შეცვლა სურთ. ტრამპს სჯერა, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში დღეს მოქმედი წესრიგი შტატების მიმართ უსამართლოა. სწორედ ამიტომ, მისი სატარიფო პოლიტიკა მხოლოდ წმინდა ეკონომიკური შინაარსის მატარებელი არ არის. მის უკან პოლიტიკური მოტივებიც დგას.
ახალი სატარიფო პოლიტიკა ბევრისთვის შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდა, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ საექსპორტო გადასახადის მნიშვნელოვანი ზრდა პროდუქტებზე ფასების მატებას ნიშნავს. დონალდ ტრამპის ეს ნაბიჯი აისახება არა მხოლოდ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე, არამედ თავად შტატების მოსახლეობაზეც, რომელსაც იმპორტირებულ პროდუქციაში გაზრდილი ფასის გადახდა მოუწევს. ეს გარემოება აჩენს კითხვას, რა მოტივი აქვს ტრამპს და რის მიღწევას ცდილობს ტარიფების გამკაცრებით? რატომ გაუჩნდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს უსამართლობის განცდა და რამდენად შეძლებს ბალანსის მიღწევას არჩეული პოლიტიკით? საკითხზე ,,კომერსანტი“ საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტს ბუბა ბაღდავაძეს ესაუბრა.
„მოცემულ შემთხვევაში, როცა ახალი ტარიფების შეფასებას ვაკეთებთ სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობის კონტექსტში, უნდა დავუშვათ, რომ ის შეიძლება ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს. მას ცალსახად ვერ აღვიქვამთ, როგორც აუცილებლად პრაგმატული ეკონომიკური გეგმის ნაწილს, რომელიც მხოლოდ სატარიფო რეჟიმის დადგენასთანაა ბმაში და გარკვეული ტიპის საგადასახადო სარგებლის მიღებასთან არის დაკავშირებული. ეს პროცესი, გარდა ეკონომიკური ნაბიჯისა, შეიძლება იყოს პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი ქვეყნებზე. სწორედ ამიტომ, ამ ტარიფებს ჰქვია ,,ნაცვალგებითი ტარიფები” და არა უბრალოდ გარკვეული ეკონომიკური მდგენელით განსაზღვრული სატარიფო პროცენტები და აქვს გარდა ეკონომიკურისა სხვა შინაარსობრივი დატვირთვაც. ,,ნაცვალგებითი”, ტრამპის ადმინისტრაციის თვალთახედვით გულისხმობს უარყოფითი ბალანსის შემავსებელ მექანიზმს, რომელიც ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. მაშინ, როცა შიდა საგადასახადო რეგულაციები შემსუბუქებისკენ არის მიმართული, რაც ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობებს ქმნის, იმპორტირებულ საქონელზე გაზრდილი ტარიფები ფაქტობრივად უბიძგებს სხვა ქვეყანაში არსებულ წარმოებებს (მათ შორის ამერიკულ კომპანიებსაც, რომლებსაც წარმოებები ქვეყნის გარეთ აქვთ გადატანილი) დაბრუნდნენ აშშ-ს იურისდიქციაში ან ის მწარმოებლები, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ ამის მოტივაცია ინკორპორირება გააკეთონ უშუალოდ აშშ-ში და შიდა ინვესტიციის ფორმით გააგრძელონ ფუნქციონირება საგადასახადო შეღავათებისა და სატარიფო რეჟიმის სირთულიდან გამომდინარე. რამდენად ეფექტიანია ეს ყველაფერი აღსრულების თვალსაზრისით, ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა, უკვე შეგვიძლია იმის შეფასება რაც ფაქტია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმი განსხვავებულ და ბევრი გამოწვევით სავსე რეალობას ქმნის.”- აცხადებს ბუბა ბაღდავაძე.
საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტი აცხადებს, რომ ტრამპს წარმოებისა და ინვესტიციების ამერიკაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყნები შექმნილი ვითარებით სარგებლობდნენ, იღებდნენ ფინანსურს ბენეფიტებს, მაშინ როცა შტატები მხოლოდ გადამხდელის როლში დარჩა. შედეგად ამერიკამ დაკარგა ფულის მასა და დოვლათი. ახალი ადმინისტრაცია ვითარებას ასე აფასებს – აშშ-ის მაღალი მსყიდველობით უნარიანობის მქონე ბაზრის ხარჯზე ბევრმა ქვეყანამ სარგებელი მიიღო. ამერიკამ კი დაკარგა შემოსავლები. დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებით არა მხოლოდ ფინანსური მოგების მიღებას, წარმოების ამერიკაში დაბრუნებასა და სამართლიანი ვაჭრობის აღდგენას ცდილობს, არამედ ის ამ მიდგომას პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად განიხილავს. ტრამპის ხისტი და მკაცრი პოზიციის მიუხედავად მოლაპარაკებებისთვის სივრცე მაინც რჩება.
,,ტრამპის პოზიცია მხარს უჭერს შეფასებას, რომ სხვა ქვეყნები სარგებლობდნენ აშშ-ის ბაზრით, მაშინ როცა წარმოებების დიდი ნაწილი იყო აშშ-ის იურისდიქციის გარეთ, რაც ავტომატურად ითარგმნებოდა ისეთ შედეგში, როცა სხვა ქვეყნებში წარმოების შესაძლებლობა გადასახადებსაც იმავე ქვეყნებში ტოვებდა, რაც საბოლოო ჯამში სასარგებლო ხდებოდა სხვა ქვეყნებისთვის და არა უშუალოდ შეერთებული შტატებისთვის. აშშ-ში საინვესტიციო პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი ფულის მასის მიმოქცევა მათივე ეკონომიკაში მოხდებოდა. სწორედ ამიტომ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში მიაჩნიათ, რომ მათი მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზრის ხარჯზე ბევრი სხვა ქვეყანა იძენდა ბენეფიტს, ხოლო აშშ გამოდიოდა მხოლოდ გადამხდელის პოზიციაში, მაშინ როდესაც, უშუალოდ შტატების ტერიტორიაზე ფაქტობრივად, ფულის მასა იმ რაოდენობით არ რჩებოდა, როგორც ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ახალი ადმინისტრაცია ხშირად ამ კუთხით აფასებდა მათ მიერ მიღებულ ზომებს. ეს ძალიან კარგად ჩანს ტერმინში ,,ნაცვალგებითი ტარიფები”. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით შეიძლება წონასწორობისა და ბალანსის აღდგენა. დონალდ ტრამპმა თავადვე განაცხადა, რომ ეს გარკვეული ზეწოლის მექანიზმი შეიძლება იყოს იმისთვის, რათა შემდგომი მოლაპარაკებები წარიმართოს. მაგალითად, ევროკავშირის განცხადებას თუ დავაკვირდებით, განცხადების ტექსტშივე იქნა გაჟღერებული, რომ მართალია საპასუხო, შემხვედრ ტარიფებს ევროკავშირიც გეგმავს, თუმცა ეს იქნება მაინც ფრთხილი და პროპორციული და მოლაპარაკებებზე ორიენტირებული მიდგომით. ბევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება არ დაეწესებინა საპასუხო ტარიფები, რითიც ფაქტობრივად სივრცე შექმნა აშშ-სთან მოლაპარაკებებისა და შემდგომი ეკონომიკური ინიციატივებისთვის.”- აცხადებს ბუბა ბაღდავაძე.
საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტი განმარტავს, რომ ტარიფების დაწესებას სირთულეები და გამოწვევები ახლავს თან, რომელიც პროდუქციისა და მომსახურების ფასის მატებას უკავშირდება. ის ასევე ასახვას პოვებს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე.
,,გაზრდილი ტარიფები ავტომატურად ნიშნავს საექსპორტო საქონელზე გაზრდილ ფასებს. აშშ არის ძალიან მსხვილი ბაზარი 340 მილიონზე მეტი მოსახლეობით. ასევე, არის მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარი. აქედან გამომდინარე, მასზე ბევრი სავაჭრო პარტნიორია დამოკიდებული. შესაბამისად, იმ კერძო აქტორებს, რომლებსაც ახალ სატარიფო რეჟიმთან მოუწევთ ადაპტაცია, რა თქმა უნდა, დამატებით ფინანსური დანახარჯების გაღება მოუწევთ. რაც, საბოლოო ჯამში, საქონლისა და მომსახურების ფასებზე აისახება და ქვეყნების ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზეც.”- განმარტავს ბუბა ბაღდავაძე.
საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტი მკაცრი ტარიფების ამოქმედების ლოგიკურ ახსნად ბალანსის აღდგენის სურვილს ასახელებს. ბუბა ბაღდავაძე მიიჩნევს, რომ ტრამპი მკაცრი ტარიფების პოლიტიკას ზეწოლის მექანიზმად იყენებს, რათა სავაჭრო პარტნიორებს შორის ურთიერთობები დაბალანსდეს. სანამ ეს მოხდება, მანამდე ვითარება ქაოსურია, თუმცა სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებისთვის სივრცე დატოვებულია.
,,ბალანსის აღდგენის პოლიტიკა რჩება ტარიფების გამოყენების ლოგიკურ ახსნად აშშ-ს ამინისტრაციის მხრიდან. იმის მოლოდინი, რომ რომ ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი ან მუდმივი ნაკლებად მოდის თანხვედრაში თანამედროვე სავაჭრო სისტემასთან. პროცესი შესაძლოა მოკლე პერიოდში არ დასრულდეს, თუმცა ახლა არსებული ტენდენციები, ჩემი აზრით, აჩვენებს იმის სივრცეს, რომ ვივარაუდოთ ეს არის ნაბიჯი, რომელიც ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება, რათა გარკვეული ტიპის დაბალანსება მოხდეს სავაჭრო პარტნიორებს შორის. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ფორმით გაზრდილი ტარიფი ვერ იქნება კომფორტული პირველ რიგში კერძო აქტორებისთვის. მსგავსი რამ პირველად არ ხდება. აქამდე არსებული საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმი, რომელიც მართალია სრულყოფილად შეიძლება არ სრულდებოდა, მაინც უზრუნველყოფდა ქვეყნების მხრიდან იმის გააზრებას, რომ თანასწორი მიდგომა უნდა გამოყენებულიყო სავაჭრო პარტნიორების მიმართ და ეკონომიკური ომები არ იყო წარმმართველი მექანიზმი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. აშშ-ში დიდი ხანია მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ეს ბალანსი გარკვეული აქტორებისთვის არასამართლიანი გახდა, რის საპასუხოდაც დაიწყეს აქტიური ზემოქმედების პოლიტიკა ტარიფების ნაწილში და თავიანთი ინტერესების განსხვავებული მიდგომებით დაცვა. თუმცა, პრაგმატული შეფასებით რამდენად არის ეს იდეალური მოდელი? ეს ცალკე განხილვის საგანია. საკმაოდ სარისკო ნაბიჯია. მოკლევადიან პერიოდში საკმაოდ რთულს ხდის ნებისმიერი აქტორისთვის ბაზარზე ოპერირებას. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ თუ შეერთებული შტატებში ინვესტიციების ტემპი გრძელვადიან პერსპექტივაში დაეწევა ეკონომიკური განვითარებით იმ მაჩვენებელს, რომ ამან ტარიფებით გამოწვეული გარკვეული ფასის ნამატი საქონელსა და მომსახურებაზე დააბალანსოს, ამ შემთხვევაში ეს მათთვის შეიძლება სარგებლიანი გახდეს. ამის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები მიზნად ისახავს გრძელვადიან პერსპექტივაში არსებულ ტარიფებზე სტატუს კვოს შენარჩუნებას. ამ ფორმით რთულად წარმომიდგენია თანამედროვე სავაჭრო სისტემის ფუნქციონირება.”- აცხადებს ბუბა ბაღდავაძე.
