განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურებთან იქნება დაკავშირებული.
„როგორც თავდაპირველადვე განვაცხადე, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მოხდებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრა. სინოდის შემდეგი სხდომისთვის და გაფართოებული კრების გასამართავად განისაზღვრა გარკვეული პროცედურები, მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია. ეს იქნება სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს – ეს თემები განვიხილეთ.
რაც შეეხება კომისიას, მისი სახელწოდებები თავად ლაპარაკობს ამ კომისიების ფუნქციაზე იმიტომ, რომ ეს პროცესი, რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება, არ არის მარტივი პროცესი. იქ ხმები უნდა დაითვალოს, მითუმეტეს გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე, ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო ამ თემებზე შეთანხმება.
განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რომელშიც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა.
დღევანდელ სხდომაზე ასაკის საკითხი დაისვა, თუმცა რადგან ძალიან ბევრი სხვა საკითხი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ შემდეგ სინოდის სხდომაზე იქნას უფრო კონკრეტულად მიღებული ამაზე გადაწყვეტილება. მსჯელობა იყო, უნდა ითვლებოდეს თუ არა 71 წელს მიღწეული ადამიანი ამ კატეგორიაში [პატრიარქობის კანდიდატად დასახელების ნაწილში], ამაზეა ჩამოსაყალიბებელი შემდგომში ეს მსჯელობა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.




