“სინვარის მკვლელობა ჰამასისათვის იმაზე დიდი დარტყმა იქნება, ვიდრე აქამდე რაიმე ყოფილა” – გიორგი კობერიძე

ისრაელის სამხედრო ძალების ვერსიით დღეს ღაზაში მოკლულ იქნა ჰამასის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი იაჰია სინვარი. ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში ეს ჰამასისათვის იმაზე დიდი დარტყმა იქნება, ვიდრე აქამდე რაიმე ყოფილა. სწორედ სინვარი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაგეგმა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და მოჰამედ დიეფთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციის ფაქტობრივ სამხედრო ლიდერს წარმოადგენდა. იგი 1962 წელს დაიბადა ღაზაში და ჰამასის რიგებში იმით მოიპოვა გავლენა, რომ იმ პალესტინელებს ხოცავდა, რომლებიც ისრაელთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად მიაჩნდა. 1989 წელს ებრაელი სამხედროების მოკვლის შემდეგ მას ოთხი სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ისრაელში. იგი ციხიდან 2011 წელს ებრაელ სამხედროზე გაცვალეს. მას შემდეგ სინვარი აქტიურად იყო ჩართული ჰამასის სამხედრო ძალების გადამზადებასა და გადაიარაღებაში. იგი ერთ-ერთ ყველაზე რადიკალ ფიგურად იყო მოაზრებული. ზაფხულში ისმაილ ჰანიეს ირანში მკვლელობის შემდეგ სწორედ იგი გახდა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი.