„თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, თავისუფლება მზია ამაღლობელს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე.
თავის სიტყვაში ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს ევროპულ საზოგადოებას აშორებს, სამართლიანი სასამართლოს არარსებობაა.
„რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ? 28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების პრემიერი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ვწყვეტთ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, დაიწყო უწყვეტი პროტესტი, რომლის მონაწილე ვარ პირველი დღიდან, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტი. ამ პროტესტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ მოგვწონს, როგორი ქვეყანა გვაქვს დღეს. ჩვენ დღეს გვაქვს ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სოციალური შემწეობას; ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც 700 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას; სადაც 300 ათასი ადამიანი არის მოვალეთა რეესტრში; სადაც სოფლებში 400-ლარიანი პენსიონერი არის ყველაზე მდიდარი; სადაც ჩვენი მშობლები ცხოვრობენ 15 წლით უფრო ნაკლებს, ვიდრე ევროპაში ხდება ეს; სადაც ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა არის ყველაზე მაღალი და ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ვართ ევროპაში; ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, რომ ამერიკის ვიზა არ იყოს აღქმული როგორც დღესასწაული, რომ ადამიანს შეეძლოს გაქცევა; არ იყოს ქვეყანა, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანი ტოვებს; არ იყოს ქვეყანა, სადაც ყველა ოჯახში არის ემიგრანტი. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის მთავარი არის და რაც გვაკლია, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო“, — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მან გაიხსენა, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი სლოგანია „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ (No justice, No peace) რაც გულისხმობს იმას, რომ სამართლიანობა არის მშვიდობის პრერეკვიზიტი.
„თუ მოქალაქემ ვერ იპოვა სამართალი, ისეთ საზოგადოებაში ყოველთვის გაიმარჯვებს ავტოკრატია და ავტოკრატიული საზოგადოებაში, როგორი რეპრესიებიც არ უნდა გატარდეს, არასდროს იქნება მშვიდობა. ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ სამართალი უნდა იპოვოს ადამიანმა ამ შენობაში. მოსამართლე არის ის ადამიანი, ვისაც შესწევს უნარი, ქვეყანაში დაამყაროს მშვიდობაც და სამართლიანი საზოგადოების პირობებში ჩვენ შევძლებთ ევროპაში ინტეგრაციას და ყველა იმ უბედურების დაძლევას. მე მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც დღეს რისი მომსწრენიც, ვიყავით არ განმეორდება. მე მინდა ქვეყანა, სადაც მოსამართლეს ვერავინ გაუბედავს დარბაზში ცრუმოწმეების მოყვანას და იმ ჩვენებების მიცემას, რა ჩვენებსაც ისინი იძლევიან. მე მინდა სასამართლო, სადაც შსს-ს წარმომადგენელი მოსამართლეს ვერ გაუბედავს, მოვიდეს იმ მტკიცებულებებით, რა მტკიცებულებებითაც მოდის. როგორც კი მოსამართლე დადგება თავის ადგილზე და ამ პროცესს შეწყვეტს , ჩვენ გადავდგამთ მთავარ ნაბიჯს ამ ქვეყნის განვითარებისკენ. ერთადერთი რაც განასხვავებს რეპრესიულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს ევროპული საზოგადოებისგან, რომელსაც მოაქვს დოვლათი, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო“, — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მან თქვა, რომ არ არის გაბრაზებული ცრუ მოწმეებზე და შსს-ს წარმომადგენლებზე, არამედ გაბრაზებულია სისტემაზე.
„ეს სისტემა უნდა დაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ და როგორც კი სისტემა დაიშლება, იმ წუთშივე ჩვენ მოვკლავთ პოლიციურ სახელმწიფოს ამ ქვეყანაში. იმ წუთშივე, როგორც კი პოლიციელი ვეღარ შეძლებს რეპრესიების განხორციელებას, ერთ ღამეში დავასრულებთ პოლიციურ სისტემას და მივიღებთ თვისობრივად ახალ საზოგადოებას. როგორც ძველმა კლასიკოსმა თქვა, უზენაესი სასამართლო ეს არის სინდისის სასამართლო. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, სინდისის სასამართლოს წინაშე მე ვარ მართალი, ისევე როგორც ის 60-მდე პოლიტპატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის სინდისისთვის, თავისი სიმართლისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ძალიან მალე დამთავრდება და შსს-ს რესურსი მიმართული იქნება კრიმინალების დასჯაზე და არა იმაზე, ვინც სამართლიან პროტესტს გამოხატავს“, — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს, საპროტესტო მსვლელობისას, ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ის 2 500 ლარით დააჯარიმა.
