მოძრაობამ “სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის”, რომელშიც სინდისის პატიმრების მშობლები და ახლობლები ერთიანდებიან, გაავრცელა განცხადება, რომლითაც გუშინ, 20 მაისს მოძრაობა “დაფიონის” მიერ გამოქვეყნებულ პატიმრების წერილს უპასუხა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან გაურკვევლობის მიზეზი ხდება, ეწინააღმდეგება ამავე პროტესტის მიზნებს და მტრის ინტერესს ემსახურება.
ასევე, წერილშია აღნიშნული, რომ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ადამიანებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართლიანი სასამართლო ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება.
“პირველ რიგში, უდიდეს მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის.
უსაზღვროა ჩვენი მადლიერება პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც ვერაფრის დიდებით გატეხა რეჟიმმა, ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად.
მართალია, ბიჭებმა ერთმანეთი მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიცნეს, სასამართლო სხდომის დარბაზებსა და ციხის საკნებში, მაგრამ უპირობოა მათი პატივისცემა, თანადგომა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სურვილი, კი, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებაა, სადაც სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი იქნება განურჩევლად ყველასთვის.
ჩვენი ამ სურვილებისა და მიზნების გასაჟღერებლად, შესანიშნავ დღედ მიგვაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი.
გახსოვდეთ, ჩვენი წარმატების ფორმულა, ჩვენს გერბზეა დატანილი – ძალა ერთობაშია”, – წერია განცხადებაში.
გუშინ, 20 მაისს, მოძრაობა “დაფიონმა”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძეა, გაავრცელა წერილი, რომელსაც, მათი თქმით, ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 15 დაკავებული აწერდა ხელს.
წერილში საუბარი იყო 26 მაისის მნიშვნელობაზე. ასევე, ავტორები საზოგადოებას მოუწოდებდნენ ამ დღეს პროტესტისკენ.
გარდა ამისა, წერილში აღნიშნული იყო, რომ “კონკრეტული პოლიტიკოსების პლაკატების გამოჩენა აქციებზე თავად პატიმრებისთვისაც მიუღებელია”.
“ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას. ასევე, მოვითხოვთ, რომ ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე”, – წერია წერილში.
მოგვიანებით, წერილის ერთ-ერთი ხელმომწერის, სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არც მან და მისი ინფორმაციით, არც სხვა პატიმრების ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ აღნიშნული წერილის შესახებ.
