სინდისის პატიმრებისა და მათი მშობლების განცხადება

“მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს” – ამის შესახებ სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
ოთხ კედელში უკანონოდ გამომწყვდეული მოქალაქეები ყურადღებას ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე ამახვილებენ და ფიქრობენ, რომ 26 მაისი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლმა ადამიანებმა საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერონ.
“უსაზღვროა ჩვენი მადლიერება პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც ვერაფრის დიდებით გატეხა რეჟიმმა, ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად” – აღნიშნავენ რეჟიმის ტყვეები, რომლებიც მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებენ.
პირველ რიგში, უდიდეს მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის. უსაზღვროა ჩვენი მადლიერება პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც ვერაფრის დიდებით გატეხა რეჟიმმა, ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად. მართალია, ბიჭებმა ერთმანეთი მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიცნეს, სასამართლო სხდომის დარბაზებსა და ციხის საკნებში, მაგრამ უპირობოა მათი პატივისცემა, თანადგომა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სურვილი, კი, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებაა, სადაც სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი იქნება განურჩევლად ყველასთვის. ჩვენი ამ სურვილებისა და მიზნების გასაჟღერებლად, შესანიშნავ დღედ მიგვაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი. გახსოვდეთ, ჩვენი წარმატების ფორმულა, ჩვენს გერბზეა დატანილი – ძალა ერთობაშია.” – წერია განცხადებაში.